“ორი “ქართული ოცნება?! სახეზე ნამდვილად გვაქვს პრემიერის მიმართ საბოტაჟის პროცესი!“

არჩილ გამზარდია

რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ გამოცემას გავუზიარე, რომ მიმდინარე პროცესი რამდენადმე მიჩენდა აზრს პრემიერ კვირიკაშვილთან მიმართებაში საბოტაჟის წარმოებისა. გასულ დღეებში ეს აზრი კიდევ უფრო განმიმტკიცდა, არსებობს თუ არა ორი „ქართული ოცნება“ ან როგორია ის?

ერთი „ქართული ოცნება“ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის „ქართული ოცნებაა“ – ისინი იღებენ ოპონენტების, საზოგადოების, ყველა ჩვენს დარტყმას მიმდინარე პროცესებზე, აკეთებენ უცნაურ, არაადეკვატურ განცხადებებს არსებულ რეალობასთან მიმართებაში, იმსახურებენ და იღებენ საზოგადოების რისხვას, მთელი პასუხისმგებლობა პრემიერსა და მასთან დაახლოებულ პირებზე გადადის; ეს ხალხი, ძირითადად, არ დადის დებატებში ტელეეთერებში, არ აწარმოებენ ისეთ დისკუსიას, რომ საზოგადოება მათი შინაარსით აღფრთოვანდეს, თუმცა, ყველაზე კრიზისულ მომენტში ისინი იღებენ პასუხისმგებლობას, მაგალითად, პრემიერი და ე.წ. მისი გუნდი.

მეორე „ქართული ოცნება“ აქტიურად თანამშრომლობს და ახლო ურთიერთობა აქვს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან; გამოდიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პოლემიკაში, მატებს იმიჯს, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მათი ქცევით აღფრთოვანებულია, მმართველი ძალის მომხრეები მათ ტექსტებსა და გამოსვლებს აზიარებენ, უერთდებიან და ეთანხმებიან. სამაგიეროდ, კრიზისულ მომენტებში ისინი იმალებიან, პრაქტიკულად არ ჩანან უსიამოვნო ტექსტებით და ხელისუფლებისათვის უსიამოვნო დროს; ასეთებია, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცესპიკერი და სხვები… ისინი განახლებული ნაკადის ნაწილია „ქართულ ოცნებაში“ და ჩნდებიან მაშინ, როდესაც თავისთვის მომგებიან მოცემულობას ხედავენ თვითგამოხატვისათვის ანუ, საზოგადოებაში პოზიციონირდება „ქართული ოცნების“ ორი ნაწილი: ერთი პრემიერის – რომელზეც საზოგადოება პერმანენტულად ნეგატიურად განეწყობა და მეორე, რომლის შესაძლო ლიდერის ვინაობის გამოხატვაზე თავს შევიკავებდი, თუმცა, საკმაოდ ნათლად გამოხატული მეორე ფრთა. ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ ეს მეორე ნაწილი აქტიურად თანამშრომლობს ნაციონალური მოძრაობის გარკვეულ სეგმენტთან (არც ის დაგვავიწყდეს, რომ ყოფილი მმართველი ძალა დანაწილებული, ურთიერთწინააღმდეგობის პროცესშია). მოცემული „ქართული ოცნების“ სეგმენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმმართველი, უცნაურია, მაგრამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გამოდის; ის, ერთი მხრივ, ამ ნაწილს აძლევს შესაძლებლობას ეფექტური პოზიციონირებისათვის, ეფექტურად თავის გამოჩენისათვის – აწვდის რა შესაძლებლობას აქტიური და თავდაჯერებული კამპანია აწარმოონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებითობის პრინციპზე, ამავდროულად, მოიგონ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის გული, ისე, რომ პარალელურად დააშორონ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი პრემიერ კვირიკაშვილს და მის გუნდს. დროთა განმავლობაში კი „ქართული ოცნების“ წევრები პოზიციონირდებიან ნაწილი საზოგადოებისათვის სასურველი და მათზე დადებითად განწყობილი ამომრჩევლით, ხოლო ნაწილი არასასურველი და მათ მიმართ ნეგატიურად განწყობილი ამომრჩევლით.

თუ დავუჯერებთ იმ ვერსიასაც, რომ „ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ მოითვლიან ყოფილ მმართველ ძალასთან ასოცირებულ, ასე ვთქვათ, იდეოლოგიურ და პარტიულ აგენტებს (მეტაფორულად რომ ვთქვათ), მაშინ ძნელი არ იქნება იმის გააზრება, რომელი ძალები აპირებენ დაწინაურდნენ სამომავლოდ „ქართულ ოცნებაში“, ნაწილობრივ პოლიტიკური სპექტრის, ნაწილობრივ პარტიული სივრცის, მათ შორის, პარტიის შემქმნელის, ბიძინა ივანიშვილის თუ ზოგადად, საზოგადოების ცნობიერებაში.

ვფიქრობ, სახეზე ნამდვილად გვაქვს პრემიერის მიმართ საბოტაჟის პროცესი. შეიძლება ითქვას, რომ მმართველი ძალა ჯერჯერობით შიდა ცივი ომის პირობებშია, რომელიც, ისევე როგორც ყოფილი მმართველი ძალა, დიდი ხნით შეუძლებელია დარჩეს მხოლოდ ცივი ომის რეჟიმში და დიდი ალბათობით, გადავა კიდეც განსაზღვრულ დროს აქტიური ომის რეჟიმში, თუ „ქართული ოცნების“ ლიდერი პროცესს კვლავ ინერციით ან არასწორი რჩევებით გააგრძელებს.”

 

კომენტარის დატოვება