“ვერ დამაპირისპირებთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, გუშინ ჩვენ გვქონდა მიწოდების შოკი”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ვერ დამაპირისპირებთ, რადგან რაც სავალუტო ბაზარზე გუშინ საღამოს მოხდა, ეს ჩვენსა და ეროვნული ბანკს შორის კოორდინაციის შედეგი იყო, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა დიმიტრი ქუმსიშვილს კითხვა დაუსვეს  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის დღევანდელ განცხადებაზე, რომლიც მიხედვითაც, “სავალუტო ბაზარზე გუშინ არსებული ვითარება გარკვეული მოლოდინებიდან შექმნილი აჟიოტაჟი იყო, მოლოდინებს გარკვეული ფაქტორები განაპირობებს და მათი განცალკევება რთულია”.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა  განაცხადა, გუშინ იყო მიწოდების შოკი, რომელიც იყო არასწორი გადაწყვეტილებების შედეგი, თუმცა არა სახელმწიფო სექტორის ნაწილში.

„თქვეენი კითხვით ვერ დამაპირისპირებთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. გუშინ ჩვენ გვქონდა მიწოდების შოკი, რომელიც იყო არასწორი გადაწყვეტილებების შედეგი, ოღონდ არა სახელმწიფო სექტორის ნაწილში. ეს იყო მოლოდინებზე აგებული გადაწყვეტილებები, მაგრამ  ძალიან მოხარული ვარ, რომ  მალე ინფორმაცია სწორად გავრცელდა, მოლოდინები სწორად დალაგდა და, შესაბამისად ჩვენ გუშინ საღამოს ვნახეთ უკვე დარეგულირებული ბაზარი. დღეს ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ნორმალურად ფუნქციონირებს ბაზარი. ჩვენ დღეს საკმაოდ კარგი გამყარება გვქონდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაკროეკონომიკურად როგორც არის სწორი ისე იქნება“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარის დატოვება