გიორგი ფხაკაძე: ზოგიერთი კვლევა, რომელიც კორონავირუსის ახალ ვარიანტზე ვნახე, არის საგანგაშო – რაც შეიძლება გავაძლიეროთ „ბუსტერი”

კორონავირუსის აფრიკული ვარიანტზე ჩატარებული ზოგიერთი კვლევა საგანგაშოა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ „ფეისბუქზე” პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, კორონავირუსის აფრიკული ვარიანტის შესახებ ზუსტი პასუხი დაახლოებით, ორ კვირაში გვექნება.

ახალ ვირუსზე, რომელიც წამოვიდა სამხრეთ აფრიკიდან, ზოგიერთი კვლევა არის ძალიან დამაბნეველი და საშიში. თუმცა, ვინაიდან არის სხვადასხვა ტიპის კვლევები, შეჯამება არის ნაადრევი. ის, რომ ვირუსის ეს ვარიანტი პრობლემურია, ვიცით, მაგრამ თუ რა დონის სირთულეები მოყვება, ამის გარკვევას ჭირდება დრო.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ პანიკას აზრი არ აქვს.  კორონავირუსის აფრიკული ვარიანტის შესახებ ზუსტი პასუხი დაახლოებით, ორ კვირაში გვექნება . თუმცა, საქმე რომ გვაქვს მძიმე რაღაცასთან ეს ფაქტია. ზოგიერთი კვლევა, რომელიც ვნახე ვირუსის ახალ ვარიანტზე, არის საგანგაშო.

ყველაზე ეფექტური გზა ამ სიტუაციაში არის ის, რომ რაც შეიძლება გავაძლიეროთ „ბუსტერი”. თავიდან ეგონათ, რომ ერთი დოზა იქნებოდა საკმარისი. მაგრამ ახლა ზოგიერთი ქვეყანა მეოთხე დოზასაც აკეთებს”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,  ხვალ გვეცოდინება, რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას.

მისი თქმით, 18 წლიდან ზემოთ ყველა პირს დღესაც შეუძლია „ბუსტერ“ დოზის ჩატარება, თუმცა დადგენილი ვადა 60 წლის ზემოთ პირებისთვის, შესაძლოა, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემთხვევაში იყოს 3 თვე.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში არის შესაძლებელი, რომ „ომიკრონის“ საეჭვო შემთხვევა გამოვლინდეს.