„არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის შვილი არ უნდა დაფინანსდეს – ის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანია” – მიხეილ სააკაშვილი შვილის სწავლის დაფინანსებაზე

„ამერიკულ აკადემიაში, ჩემი შვილი იყო ყველა დროის საუკეთესო კურსდამთავრებული. შეგიძლიათ, აკადემიის არქივებში გადაამოწმოთ. მეგობრებო, 2013 წელს, თუ არ ვცდები, 6 მილიონზე მეტი გადავრიცხე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ქართველი სტუდენტების უცხოეთში გასაშვებად. თქვენ რამდენი გადარიცხეთ?!“, – ამის შესახებ მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ათობით მილიონი დახარჯა საუკეთესო ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნაში, როცა საუკეთესო 50 სტუდენტი ავტომატურად იღებდა სახელმწიფო დაფინანსებას.

„მე ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით, ედუარდით. ის არის ერთადერთი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც აქვს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა კომპიუტერთან დაკავშირებული რაღაც რეკორდით. მარტო ამისთვის ეკუთვნოდა მას სრული დაფინანსება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის შვილი არ უნდა დაფინანსდეს, მაგრამ ეს არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ხშირად არ მეთანხმება. შეგიძლიათ ნახოთ, დღეგამოშვებით არის BBC-ზე, CNN-ზე და სხვა ძირითად ტელესადგურებზე.

მე ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ, იმ ფონზე, როცა ათობით მილიონი დავხარჯე საუკეთესო ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნაში, როცა საუკეთესო 50 სტუდენტი ავტომატურად იღებდა სახელმწიფო დაფინანსებას, როცა 2 500 ამერიკელი მასწავლებელი ჩამოგვყავდა, რათა მარტო ჩემს შვილს კი არ ჰქონოდა ინგლისურის სწავლის საშუალება, ყველა ადამიანის შვილს, ყველაზე შორეულ სოფელსა და ყველაზე მიყრუებულ გარეუბანშიც კი, შეძლებოდა ეს… დიახაც, მე ვამაყობ, რომ, ამ ფონზე, როცა ძალიან ბევრ ქართველ ახალგაზრდას გავუხსენით გზა, ასევე, ჩემი შვილიც აღმოჩნდა ნიჭიერი. თუ ვინმე უარყოფს, რომ ის ნიჭიერია და ამბობს, რომ ზოგიერთებივით ოროსანია, ეს თქვენი შეფასების თემაა“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმეს განიხილავს. საქმეზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია არიან ბრალდებულები. სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.