მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისს თემურ ჯანაშიამ დამირეკა, პოლიცია გავეშებულიაო, ვუთხარი, დაუყოვნებლივ გაეყვანათ ყველა დემონსტრანტი, ეს იყო ჩემი ერთადერთი ბრძანება

ერთადერთი ბრძანება, რაც 26 მაისს გავეცი იყო, რომ გაეხსნათ გზა ყველა მიმართულებით და გაეყვანათ ხალხი, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, 26 მაისს აღნიშნულის შესახებ თემურ ჯანაშიას ესაუბრა.

„დღეს არის ლექსო ლაშქარავას დაბადების დღე. მინდა ხალხმა იცოდეს 26 მაისზე რა იყო. 26 მაისზე რადგან წამოჭრეს საკითხი, აქ არის თემურ ჯანაშია და ნამდვილად დაადასტურებს. მოხდა მანქანის დაჯახება პოლიციელზე, თათუხაშვილზე, ჩაითვალა რომ მკვდარი იყო, რადგან მართლა გადაუარა მანქანამ პროტესტანტების, პოლიციამ მართლა დაკარგა კონტროლი და მათმა უფროსებმა დაკარგეს კონტროლი პოლიციაზე. არაფერი განკარგულება არ ყოფილა. ერთადერთი, რაც იყო ძალიან ცუდი, ეს მოედანი იყო ჩაკეტილი ორივე მხრიდან, თემურმა დამირეკა, ძალიან ცუდი სიტუაციააო, რადგან პოლიცია არია გავეშებულიო, უფროსებს აღარ ემორჩილებიან, რადგან თავისიანი მოუკლეს და რა ვქნათო, რა შეგვიძლია ვქნათ და გავუხსნათ პიონერთა სასახლის ბაღი, გავიყვანოთ ყველა აქედანო, მე ვუთხარი, დაუყოვნებლივ ყველა დემონატრანტი გაიყვანეთ, გაარიდეთ, ყველა მიმართულებით გახსენით, რისი გახსნაც შეგიძლიათ, რაც არის შენს ძალებში ახლავე გააკეთეთ-თქო. ხო ასე იყო თემურ? ეს ბრძანებაა, რომელიც მე გავეცი 26 მაისს, ერთადერთი“, – განაცხადა სააკაშვილმა.