მოსახლეობას ამ ეტაპისთვის შეუძლია მშვიდად იყოს, ჯერჯერობით საქართველოში ახალი შტამი „ომიკრონი“ არ დაფიქსირებულა – ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ახალი შტამი, „ომიკრონი“ საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა.

„საქართველოს მოსახლეობას ამ ეტაპისთვის შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან ლაბორატორიულად ახალი შტამი არ გამოვლენილა. მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად გავააქტიუროთ ყველა ის ღონისძიება, რომელიც მეტად უფრო ეფექტურს გახდის ამ შტამის შემოღწევის შემთხვევაში საქართველოში მის აღმოჩენას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

​მისი განცხადებით, იმისათვის, რომ ინფექციამ საქართველომდე არ მოაღწიოს საუკეთესო ღონისძიება არის საკარანტინე სივრცეების მეტად უფრო აქტიურად ამოქმედება და სასაზღვრო კონტროლი, რომელიც გარკვეულ ქვეყნებზე უკვე დაწესებულია.

ცნობისთვის, 28 ნოემბრიდან საქართველოში საზღვრის კვეთაზე, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაციები მოქმედებს.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.