მამუკა მდინარაძე – ჩვენ არ ვართ ვალდებულები, რომ დასავლელი პარტნიორების ასი მოსაზრებიდან ასივეს დავეთანხმოთ

მე მინდა დავაფიქსირო ნებისმიერი აზრის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით თუ ეს აზრი, თუნდაც კრიტიკა, თუნდაც მწვავე კრიტიკა, რიგ შემთხვევებში მომდინარეობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, მაგრამ ჩვენ არ ვართ ვალდებულები, რომ ასი მოსაზრებიდან ასივეს დავეთანხმოთ, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომლის თანახმადაც როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს და ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს, უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის.

მამუკა მდინარაძის თქმით, გაუგებარია, რატომაა მაღალი საარჩევნო ბარიერი საქართველოსთვის ცუდი, როცა ის კარგადაა მიჩნეული ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში.

„უნდა შევთანხმდეთ, რაშიც ობიექტურად დავეთანხმებით, იმაზე ობიექტურადვე ვიტყვით, რომ ამაში ვეთანხმებით, მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც რაშიც არ ვეთანხმებით ისიც მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამასაც კი რაღაც საფუძველი აქვს. მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, არგუმენტების მიხედვით, რა ხდება ევროპაში, რატომ არის საქართველოში ცუდი ის, რაც ევროპის ნახევარზე მეტ ქვეყნებში არის კარგი?!

ორპოლუსიანობაა აშშ-ში უკვე საუკუნეებია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი შეიძლება იყოს. ის მოდელი საქართველოში ანალოგიურად რომ გადმოვიტანოთ, ამან შეიძლება, ცუდად იმუშაოს, ის შტატებისთვისაა კარგი, მაგრამ კალკი რომ გააკეთო, შეიძლება, იყოს ძალიან ცუდი საქართველოსთვის, იმიტომ, რომ სხვა მოწყობის ქვეყანა ვართ სხვანაირი ქვეყანა ვართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.