ნათია თურნავა: საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს წევრად პირველად აირჩიეს, რაც ქართული ტურიზმისთვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის და ქართული ტურიზმისთვის, რადგან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ აღმასრულებელ საბჭოში საქართველო ამ ორგანიზაციის წევრად დაამტკიცა, – ამის შესახებ ნათია თურნავამ მადრიდში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ასამბლეაზე საქართველო, თავისი ისტორიის მანძილზე პირველად, 4 წლის ვადით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოსთვის ეს არის ძალიან საპატიო წევრობა, რადგან ამ ორგანიზაციაში 200-მდე ქვეყანაა გაწევრიანებული და მხოლოდ 35 ქვეყანა შეადგენს აღმასრულებელ საბჭოს, სადაც საქართველო ევროპის კვოტით არის დამტკიცებული.

„4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიქნებით აღმასრულებელი საბჭოს წევრი, რაც ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, შევძლებთ, გარკვეული პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ გლობალური ტურიზმის განვითარებაზე, მის აღდგენაზე კოვიდ-პანდემიის პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვისაც იქნება პოზიტიური, რადგან ისეთ ცვლილებებს გავატარებთ, რომლებიც მთლიანად, მსოფლიო ტურიზმსაც არგებს და, ცხადია, საქართველოსთვისაც იქნება მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მეტი პოპულარიზაცია, მეტი უსაფრთხო ტურიზმი, საქართველოს ღირსშესანიშნაობების მეტი გაცნობა მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.