გიორგი ვაშაძე – როცა თეა წულუკიანი პარლამენტში მოდის, ყოველ წელს იხსენებს როგორ გაიტანა ნაგავი იუსტიციის სახლიდან – სამწუხაროა, რომ 9 წლის მანძილზე სხვა არაფერი გააკეთა ნაგვის გატანის გარდა

ამ 9 წლის მანძილზე, საკუთარი მოღვაწეობის განმავლობაში, როცა მოდის თეა წულუკიანი პარლამენტში, ყოველ წელს იხსენებს როგორ გაიტანა ნაგავი იუსტიციის სახლიდან – სამწუხაროა, რომ 9 წლის მანძილზე სხვა არაფერი გააკეთა ნაგვის გატანის გარდა. ისე, ჯართი დავუტოვეთ, რომ ჩააბაროს და ბიუჯეტში ფინანსები შეავსოს, ვალებზე ვცხოვრობთ და იმ ჯართით მაინც შეინახონ ქვეყანა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, წულუკიანი ირონიით, მწვავე ცინიზმით „რაღაცნაირი“ დამოკიდებულებით გამოირჩევა.

„ამ 9 წლის მანძილზე, საკუთარი მოღვაწეობის განმავლობაში, როცა მოდის თეა წულუკიანი პარლამენტში, ყოველ წელს იხსენებს როგორ გაიტანა ნაგავი იუსტიციის სახლიდან, რომელიც მე მოვუწონე, კარგია, ნაგავი რომ გაიტანეთთქო. სამწუხარო ის არის, რომ 9 წლის მანძილზე სხვა არაფერი გააკეთა ნაგვის გატანის გარდა. ისე ჯართი დავუტოვეთ იმისთვის, რომ ჩააბაროს და ბიუჯეტში ფინანსები რომ ცოტა არის და ვალებზე ვცხოვრობთ, იმ ჯართით მაინც შეინახონ ქვეყანა.

საერთოდ, ვფიქრობ, ქალბატონი თეა გამოირჩევა სარკაზმით, მწვავე ცინიზმით და რაღაცნაირი დამოკიდებულებით. მაგალითად, განათლების მინისტრი რომ იყო მოსმენაზე, იქ ასეთი ფრთიანი ფრაზები არ დაგვმახსოვრებია, მიუხედავად იმისა, რომ განათლებაში კატასტროფული პრობლემები გვაქვს. წულუკიანმა მისცა სიძულვილის და ზიზღის ენის სტანდარტი და ჩემი გამოსვლის ძირითადი ნაწილი ეს იყო, ნუთუ ეს არის კულტურა დღეს საქართველოში.

კულტურის მინისტრი რომ მოდის, რაღაც კულტურას უნდა წარმოადგენდეს, უნდა იყოს კულტურის მაგალითი თავისი მოქმედების, საუბრის და ყველა იმ პროცესთან დაკავშირებით, რასაც ის წარმოადგენს. სამწუხაროდ, დღეს საპირისპირო ვნახეთ და ამაზე გული შემტკივა. ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად თავი ავარიდო ადამიანებისთვის პერსონალური შეურაცხყოფის მიყენებას, იმიტომ, რომ არ მგონია ეს პოლიტიკოსისთვის არის პოზიტივი ან დიდი ღირსების მატარებელი. ყოველთვის ვცდილობ საქმეზე ვილაპარაკო, ამიტომაც მინდა, რომ კულტურის მინისტრმა, განათლების მინისტრმა, თუ ვინც მოვა პარლამენტში, ისაუბროს საქმეზე. კულტურას მიხედვა უნდა ქვეყანაში. გამოსავალი მმართველი ძალის ხელშია. ოპოზიციას შეგვიძლია კონკრეტულ შემოთავაზებას დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ, შეგვიძლია ინიციატივა წარვადგინოთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი ჩვენს ხელში არ არის, რადგან დღეს ქვეყნის მართვისთვის მანდატი არ გვაქვს“, – განაცხადა ვაშაძემ.