ამირან გამყრელიძე – წინასწარი შედეგებით ,,ომიკრონით” რეინფიცირება ​დაახლოებით სამჯერ მეტია – ქვეყანაში ეს შტამი ჯერ არ გამოჩენილა

ქვეყანაში „ომიკრონის“ შემთხვევა ჯერ არ ჩანს, მაგრამ ალბათ ეგეც გამოჩნდება, წინასწარი შედეგებით, ამ შტამით რეინფიცირება ​დაახლოებით სამჯერ მეტია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობამ სხვადასხვა მიზეზით ისევ დაიწყო დიდი შეკრებები და აღნიშნა, რომ ნელ-ნელა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.

„ისევ დაიწყო სხვადასხვა მიზეზით დიდი შეკრებები და რა თქმა უნდა, წამოვა ნელ-ნელა კორონავირუსის ახალი შემთხვევებიც. ქვეყანაში იმუნური ფენა იმატებს, მილიონი მოსახლე უკვე სრულად აცრილია, გადაიტანა 861 000 ადამიანმა და უსიმპტომოდ ალბათ კიდევ უფრო მეტმა გადაიტანა. ჩვენ ახლა ვითვლით და მალე გვექნება პასუხი, რამდენია იმუნური ფენა ქვეყანაში. სექტემბრის ბოლოს გვქონდა დათვლილი და მაშინ 54%-ზე გავედით, ახლა მეტი იქნება, 60%-ს ასცდებოდა. დარჩენილი 30%, თუ 35% გაავრცელებენ დაავადებას, მერე იქნება რეინფექცია. ჯერ „ომიკრონი“ არ ჩანს, მაგრამ ალბათ ეგეც გამოჩნდება და რეინფექცია საკმაოდ სერიოზულია. წინასწარი შედეგებით​, რეინფიცირება „ომიკრონის“ შემთხვევაში დაახლოებით სამჯერ მეტია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სწრაფი ტესტი ადგენს ადამიანის ვირუსით ინფიცირებას და ვერ ანსხვავებს, კონკრეტულად რომელი შტამია.

„ვერც ერთი სწრაფი ტესტი ვერ ანსხვავებს „ომიკრონია“, „დელტაა“, „ბეტაა“, „ალფაა“ თუ სხვა. სწრაფი ტესტი ადგენს, ადამიანი ინფიცირებულია, თუ არ არის ინფიცირებული. თუ „ომიკრონით“ არის ინფიცირებული, სწრაფი ტესტი, რა თქმა უნდა, დაიჭერს და აჩვენებს, რომ ინფიცირებულია, მაგრამ ვერ აჩვენებს, რომ „ომიკრონით“ არის ინფიცირებული. სწრაფი ტესტის შემდეგ, საჭიროა „პისიარი“, რომელიც არის სხვადასხვა მუტაციაზე, საბოლოო სიტყვა აქვს გენუმის სეკვენირებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ორსულებს აცრისკენ მოუწოდა.

„ვთხოვ ყველას, აიცრან. ჯერჯერობით, ორსულთან მიმართებით, ბუსტერზე საუბარი არ არის, მთავარია, ორსულები აიცრან. სავალალო შედეგი გვაქვს. სამწუხაროდ, გუშინ თურქეთში გარდაიცვალა ერთი ორსული ქალბატონი, რომელიც ბათუმიდან თურქეთში გადაიყვანეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.