“მთავარი რისკია როგორ წაიკითხავს და როგორ თარგმნის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას”

მედიაექსპერტი თამარ კინწურაშვილი ამბობს,რომ მთავარი რისკია როგორ წაიკითხავს და როგორ თარგმნის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებაშიც იყო გაცხადებული, რომ მათი მიზანი არის „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.

„არსებობს დიდი რისკი, რომ გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება სასამართლოს უფლების ხელყოფას და არა საკუთრების განსაზღვრის საკითხს, მათ პირდაპირ თავის სასარგებლოდ განმარტონ, როგორც ამას აკეთებდნენ.

“გვახსოვს, ვიდრე იქნებოდა ქართული სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობდნენ ვის საკუთრებაში უნდა გადასულიყო ეს ტელეარხი. პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ ეს ქიბარ ხალვაშის საკუთრება უნდა ყოფილიყო. ეს არის მათი დაკვეთა და საშიშროება  იმისა, რომ ამ დაკვეთის შესაბამისად გაიგონ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არის დიდი,“-ამბობს თამარ კინწურაშვილი.

მისი თქმით, “რუსთავი 2”-ის გარეშე  პლურალიზმის შენარჩუნება წამოუდგენელია.