შალვა პაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ ისტორიიდან ბიძინა ივანიშვილის როლის ამოსაღებად იბრძვის, ეს არის ბრძოლა ისტორიასთან და პირდაპირი ცენზურა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი კომპონენტი თანამედროვე ისტორიის სწავლებაა.

პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძვის არა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მონაცემები ამოღებული იყოს წიგნიდან, არამედ იმისთვის, რომ ამ ადამიანის როლი ამოიღონ ისტორიიდან.

„არის მცდელობა, პოლიტიკა ჩაერიოს განათლებაში და პოლიტიკოსები 21-ე საუკუნის ცენზორებად მოგვევლინონ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი კომპონენტი თანამედროვე ისტორიის სწავლებაა. საზოგადოებამ იხილა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატები და ამონარიდები, რაც კონტექსტს იყო მოწყვეტილი. ზოგადად, იმ თავში საუბარია უკანასკნელ პოლიტიკურ ლიდერებზე, რომელთა შორისაა მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ედუარდ შევარდნაძე. ეს გახლავთ ჩვენი ისტორიის ნაწილი, რასაც მოზარდები უნდა სწავლობდნენ. აჟიოტაჟი, რასაც ვხედავთ, 21-ე საუკუნის ცენზორების კიდევ ერთი მაგალითია.

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აქცენტს აკეთებს იმაზე, ბიძინა ივანიშვილი თანამედროვე ისტორიაში მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას გვერდზე უნდა იყოს თუ არა ნახსენები, იბრძვიან არა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მონაცემები ამოღებული იყოს წიგნიდან, არამედ იმისთვის, რომ ამ ადამიანის როლი ამოიღონ ისტორიიდან. ეს არის ბრძოლა ისტორიასთან და პირდაპირი ცენზურაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ არსებულ ჩანაწერთან დაკავშირებით საუბრისას.