,,კ-ახია შენზე” – საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც დღეს დედაქალაქის ახალ მთავრობას ამტკიცებენ, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. საკრებულოს შენობასთან პოლიციაა მობილიზებული.

აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ კახი კალაძეს და მის გუნდს თბილისის ხელმძღვანელობაში ყოფნის მორალური უფლება არ აქვთ.

ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ დღევანდელამ საკრებულოს გუნდმა სიღატაკის მეტი არაფერი მოუტანა ჩვენს ქალაქს.

,,მათ არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რომ დღეს იყვნენ თბილისის ხელმძღვანელობაში. ეს ის გუნდია, რომელმაც სიღატაკის მეტი არაფერი მოუტანა ჩვენს ქალაქს. მათი გარემოცვა მდიდრდება იმ თბილისელების ხარჯზე, რომლებიც დღეს ლუკმა პურს ეძებენ, მართლა. ასე რომ, თავის მოსაწონებელი დღეს კახი კალაძეს არაფერი აქვს. დღეს მას მოუწევს ოპოზიციის ხმის გაგონება როგორც შენობის შიგნით და უშუალოდ დარბაზში, ასევე გარეთაც და ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება”, – თქვა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა , ზაალ უდუმაშვილმა.