სანდრო რაქვიაშვილი – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნებისგან“ შერიგებისთვის მზაობას ვერ ვხედავ

„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მმართველი პარტია შერიგებისთვის მზად არიან.

როგორც რაქვიაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე შერიგების მზაობა არ არის.

„არ მჯერა, შერიგების შეთავაზების გულწრფელობის მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შერიგების ინიციატივას გარკვეული ულტიმატუმი მოჰყვა, რომ თუ ეს არ გაკეთდება, დაგამარცხებთ და ა.შ. ამ მომენტისთვის მზაობას ვერ ვხედავ ვერც „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ვერც „ქართული ოცნებიდან“, რომ შერიგება მოხდეს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ფეისბუქგვერდზე წერილი გამოაქვეყნა.

„უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ვიდრე გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“, – აღნიშნულია წერილში.