გიორგი მარგველაშვილი: ამ ქვეყანაში თუ მოხდება სამი პრეზიდენტის შეხვედრა, მსოფლიოსთვის ეს იქნება ძალიან ცივილიზებული გზავნილი

ამ ქვეყანაში თუ მოხდება სამი პრეზიდენტის შეხვედრა, მსოფლიოსთვის იქნება ძალიან ცივილიზებული გზავნილი, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ხოლო ქართული საზოგადოების შიგნით მოხდება იმის ჩვენება, რომ შეიძლება პოლიტიკოსებს ერთმანეთი არ მოსწონდეთ და არ აფასებდნენ ერთმანეთის მოღვაწეობას საუკეთესოდ, მაგრამ აგრეთვე შეძლონ შეხვედრა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემების განსახილველად. პრეცედენტი ამ თვალსაზრისით რეალური ძალის მქონეა, იმიტომ, რომ დასაძლევიც არაფერია. ამ აგრესიის უკან არაფერი დგას, გარდა აგრესიის სურვილისა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.