სალომე სამადაშვილი: ყველაზე ნათელი გზავნილი შერიგების თაობაზე იქნებოდა კონსტიტუციური პრეროგატივის გამოყენება და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ შეწყალების აქტის განხორციელება

„მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას და მოვუწოდო მას ამ დარბაზიდან- ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი ნაბიჯი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, იმ ნახევარი მილიონი ადამიანისთვის, ვინც ხმას აძლევს კონკრეტულად ერთ პოლიტიკურ პარტიას, ყველაზე ნათელი გზავნილი შერიგების თაობაზე იქნებოდა კონსტიტუციური პრეროგატივის გამოყენება და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ შეწყალების აქტის განხორციელება“,-ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას და მას ყოფილი პრეზიდენტის მიმართ კონსტიტუციური, შეწყალების უფლების გამოყენებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, თუ ქვეყანაში გაგრძელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, ჩვენ რეალურად არანაირი შანსი არ გვექნება ნატოს წევრის სტატუსის მიღების.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ დარბაზიდან გამოვეხმაურო საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც ვფიქრობ ყველაზე კარგად ხედავს იმას, რომ დღეს, ამ ქვეყნის მომავალს ნატოში, დასავლეთში და შესაბამისად, ჩვენს სუვერენიტეტსაც საფრთხეს პირველ რიგში უქმნის ეს ხელისუფლება და მის მიერ განხორციელებული პოლიტიკა. გარდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ წარმოებული აგრესიული პოლიტიკისა ჩვენი სუვერენიტეტის შესაზღუდად. რაც შეეხება მომავალ სასამართლო პროცესებს. მე იმედი მაქვს, რომ რეზოლუციას ნატოში გაწევრიანების შესახებ ეს პარლამენტი ერთხმად მიიღებს, მაგრამ რამდენი რეზოლუციაც არ უნდა მივიღოთ ამ დარბაზში, თუ ქვეყანაში გაგრძელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, ჩვენ რეალურად არანაირი შანსი არ გვექნება ნატოს წევრის სტატუსის მიღების“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.