მართალია, ღვინის ხარისხით საფრანგეთს ვერ შევედრებით, მაგრამ ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ ვართ ღვინის აკვანი – ალეკო ელისაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა ქვეყნის გამდიდრების პერსპექტივასა და პარლამენტის წინაშე მთავრობის წევრთა ანგარიშვალდებულებაზე გაამახვილა ყურადღება პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, საფრანფგეთმა გასულ წელს 17 მილიარდი ევროს ღირებულების ღვინო გაყიდა.

„მართალია, ხარისხით საფრანგეთს და ღვინის მწარმოებელ დანარჩენ ქვეყნებს ვერ შევედრებით, მაგრამ ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ ვართ ღვინის აკვანი. მეცნიერულადაა დადასტურებული უკვე, რომ პირველი ღვინო, 8000 წლის წინანდელი, აღმოჩნდა მარნეულის რაიონში, გადაჭრილ გორაზე“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვლმა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტში ნახევარი წლის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოხსენების შემდეგ გააჟღერა იდეა, ღვინის მუზეუმის გაკეთების და, შესაბამისად, აღნიშნული ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური სივრცის მიხედვა-მოწესრიგების შესახებ.

„როგორც „ქართულ ოცნებას“ სჩვევია, სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიპასუხა, რომ მუშაობა მიმდინარეობს, კონცეფცია შემუშავებულია. მარნეულის მაჟორიტარი დარგალი გაცეცხლებული გამოვიდა და თქვა, ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვსო. მინდა ვკითხო სოფლის მეურნეობის მინისტრსა და დარგალს, ნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ და რა ხდება ამ მიმართულებით?“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია მიგდებული და გაოხრებულია.