დაპირისპირება და მუქარა ბაზალეთში “მემარცხენე ალიანსზე” (ვიდეო)

“მემარცხენე ალიანსმა” დღეს სოფელ ბაზალეთში, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიის გენერალური მდივანი, სოსო შატბერაშვილი წარადგინა.

ამავე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა “მემარცხენე ალიანსს” თავისი ადგილობრივი 5 აქტივისტი დაახვედრა (რომელთაგან ერთი “ლეიბორისტების” მაისურში მოგვევლინა), რომელთაც პროვოკაციული თავდასხმა განახორციელეს პოლიტიკური აქციის მონაწილეებზე.

„მემარცხენე ალიანსი“ ვაგრძელებთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას. დღეს ჩვენ წარვადგენთ სოსო შატბერაშვილს ბაზალეთის, დუშეთის, ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად და იმედი გვაქვს, თიანელების, ბაზალელების, დუშელების, ყაზბეგელების, რომ ღირსეულ კანდიდატს და პოლიტიკოსს, სოსო შატბერაშვილს დაუჭერენ მხარს. ჩვენ მოვედით ამ სოფელში იმიტომ, რომ ერთერთი ყველაზე დიდი სოფელია, მითუმეტეს, რომ აქ მშვენივრად დაინახავთ, სოსო შატბერაშვილის კონკურენტის, შალვა ნათელაშვილის მილიონებად შეფასებულ სასახლეს, რომელმაც ხალხის გაყიდვით, ნაციონალების დახმარებით დააგროვა უზარმაზარი მილიონები, მერაბიშვილს და სააკაშვილს გაურიგდა და მისი გამილიონერების ერთერთი თვალსაჩინო მაგალითია ეს სასახლე, რომელიც მან აიშენა. ამიტომ, ხალხს მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ რეალურად ხალხისთვის მოწოდებულ დეპუტატს და არა ასეთ გამყიდველ მილიონერ დეპუტატებს, რომელთაც ერთი დღე არ უმუშავიათ, სამაგიეროდ მილიონობით ქონება აქვთ დაგროვებული, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის ბანკებში“ – განაცხადა პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანიამ.

პარტიის გენერალურმა მდივანმა მიმართა იქ შეკრებილ საზოგადოებას, რომ იგი დაიბადა იმ ადგილიდან ძალიან ახლოს, შავი და თეთრი არაგვის შესართავთან, სოფელ ფასანაურში, იქ მუშაობდნენ მისი მშობლები ათეული წლების მანძილზე, რომ იგი იქ იზრდებოდა და მას აქვს მორალური უფლება, იყოს თიანეთის დეპუტატობის კანდიდატი. „და თუ მოსახლეობა ამირჩევს, მე აღარ მექნება ჩემი პირადი ცხოვრება, მთელ ჩემს ცხოვრებას მივუძღვნი ამ სამი რაიონის – თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის პრობლემების მოგვარებას. ჩვენ ეხლა ვიმყოფებით ისტორიულ სოფელში, ბაზალეთის ტბის პირას, სადაც ჩემმა მთავარმა კონკურენტმა შალვა ნათელაშვილმა მოპარული ფულებით, ნაციონალებისგან ნაშოვნი ფულებით აიშენა 5 მილიონიანი სასახლე. მე მას სამი წელიწადია ვიწვევ სატელევიზიო პოლემიკაში, გამობრძანდეს და დადგეს სადაც უნდა, თუნდაც მისი ჭიშკრის წინ, სადაც მე მივალ ყოველგვარი დაცვის და ხალხის გარეშე და მე მას დავუმტკიცებ, რომ ეს სასახლე აშენებულია „ნაციონალებისგან“ მიღებული ფულით, ჩვენი, თანაგუნდელების გაყიდვით, თანაპარტიელების გაყიდვიდან სამშობლოს გაყიდვამდე კი სულ რაღაც ერთი ნაბიჯია. ის თავს არიდებს ჩემთან და ჩემს თანაპარტიელებთან საჯარო შეხვედრას და საჯარო პოლემიკას, ის გახლავთ კურდღელი, ანუ მშიშარა და ლაჩარი (სოსო შატბერაშვილმა ცოცხალი კურდღელი მოიყვანა თან, სიმბოლური შედარებისთვის), ის ამ კურდღლისგან განსხვავებით ვერანაირ ტყეს ვერ შეფარებს თავს, ვერც სოფელ ბაზალეთს და ვერც ოდესის ოლქს, მისი ადგილი არის ციხეში სააკაშვილის, მერაბიშვილის, გივი თარგამაძისა და ბოკერიას, აღვირახსნილ ნაციონალებთან ერთად“ – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარდგენის შემდეგ, სოსო შატბერაშვილის მობილურ ტელეფონზე – განხორციელდა სატელეფონო ზარი, მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრნენ მისი და მისი ოჯახის წევრების ანგარიშსწორებითა და ლიკვიდაციით.

 

 

კომენტარის დატოვება