2022 წლის 15-20 იანვრისთვის იქნება პირველი დარტყმა ჰოსპიტალურ სექტორზე და სიკვდილიანობა, სავარაუდოდ, 2-3 კვირაში გაიზრდება – გიორგი ფხაკაძე

კოვიდპასპორტიდან უნდა გადავიდეთ ვაქცინაციის საბუთზე. ეს ნიშნავს – პირველი, მე-2 და მე-3 დოზები და ახალი წლიდან მე-4 დოზები, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი და პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.

როგორც იგი ამბობს, საქართველოში არსებული ჯანდაცვის მენეჯმენტი (მინისტრი) არ უნდა შეიცვალოს მინიმუმ, 3-4 თვე, ხოლო ბუსტერ დოზების პერიოდი ყველა ვაქცინირებულისთვის დაიწიოს 3 თვემდე.

„გაფრთხილებდით, ვინ მომისმინა! „ომიკრონის” 24 შემთხვევა ოფიციალურად დაფიქსირდა, სინამდვილეში კი ეს ციფრი დღეს, სავარაუდოდ, 100-ზე მეტია. ქვეყანა მოუმზადებელია.

სავარაუდოდ, საქართველოში გავრცელება იქნება  ყველაზე პესიმისტური სცენარით, ანუ არსებული ინფექციის ყოველდღიურად 3-ჯერ გამრავლება. ერთი კვირის პროგნოზი სამი სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში (არსებული ინფექციის ყოველდღიური გამრავლება):

პესიმისტური (x3): 24 – 72- 216- 648- 1944- 5832- 17496 ინფიცირებული.
საშუალო (x2): 24- 48- 96- 192- 384- 768- 1536 ინფიცირებული.
პტიმისტური (x1.5): 24- 36- 54- 81- 122- 182- 365 ინფიცირებული.

რა ვქნათ:
არსებული ჯანდაცვის მენეჯმენტი (მინისტრი) არ უნდა შეიცვალოს მინიმუმ, 3-4 თვე და თუ შეიცვლება, უნდა იყოს მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებით დაკომპლქტებული (ჩემს ჩამოყვანას ვერავინ გაბედავს).

ბუსტერ დოზების პერიოდი ყველა ვაქცინირებულისთვის დაიწიოს 3 თვემდე ( მე-3 დოზა 3 თვეში მე-2 დოზიდან). მასიური საინფორმაციო კამპანია ყველასთან და ამ კომპანიის მიზანი უნდა იყოს:

  • სამედიცინო პირბადე;
  • დისტანცია;
  • შენობების განიავება;
  • ბუსტერ დოზები (ამჟამად მე-3 დოზა და ახალი წლის მერე სავარაუდოდ, 3-4 თვეში მე-4 დოზა მხოლოდ ფაიზერით ან მოდერნათი)
  • ამ საკითხის არაპოლიტიზირება .

საწოლფონდის მობილიზება იანვრის შუა რიცხვებისთვის (სავარაუდოდ, 2022 წლის 15-20 იანვრისთვის იქნება პირველი დარტყმა ჰოსპიტალურ სექტორზე და სიკვდილიანობა, სავარაუდოდ, 2-3 კვირაში გაიზრდება).

  • ჟანგბადის მომარაგება (იანვარ-თებერვლისთვის)
  • ფაიზერთან და მოდერნასთან აქტიური მოლაპარაკებები (ასევე ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან)
  • დღეს მთლიანად ფაიზერზე გადასვლა პირველი, მე-2 და მე-3 დოზები.
  • ქვეყანაში სხვა ვაქცინების შეჩერება (სინოვაკი/სინოფარმი/ასტრაზენეკა).

კოვიდპასპორტიდან უნდა გადავიდეთ ვაქცინაციის საბუთზე. ეს ნიშნავს – პირველი, მე-2 და მე-3 დოზები და ახალი წლიდან მე-4 დოზები.

რაც შეეხება მოგზაურობას, სამწუხაროდ, თვითმფრინავში ომიკრონით დაინფიცირების ორჯერ უფრო დიდი შანსია, ისევე, როგორც ყველა სხვა დახურილ სივრცეში. ჯანმრთელობას გისურვებთ,” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.