დავით ნარმანია პროტოკოლის და ეტიკეტის სწავლებას ეხმიანება

“მოვუწოდებ მერიის თანამშრომლებს, ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებით, როცა ვგეგმავთ თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგებს, აქცენტი გავაკეთოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე”

ჩაცმისა და სუფრასთან მოქცევის წესებს მერიისა და საკრებულოს 38 თანამშრომელს შეასწავლიან, შემდეგ ისინი რჩევებს უკვე სხვებს მისცემენ. მხოლოდ პედაგოგის მომსახურება თბილისის ბიუჯეტს 7 200 ლარი დაუჯდება. სატენდერო დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს მასწავლებელმა სუფრასთან მოქცევის წესები უნდა ასწავლოს. საკრებულოს ოპოზიცია ამბობს, რომ მერია ჩაცმისა და სუფრასთან ქცევის წესების შესწავლაში 7 200 ლარს მარტო მასწავლებელს გადაუხდის, მაგრამ ამას დაემატება ქალაქგარეთ გაკვეთილების ჩასატარებლად 40-ზე მეტი ადამიანის ტრანსპორტირების, კვების, სასტუმროში ცხოვრების და საკონფერენციო დარბაზის დაქირავების ხარჯიც, რაც ჯამში ათობით ათას ლარს გადააჭარბებს.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერი დავით ნარმანია ეხმიანება და ამბობს, რომ ეტაპობრივად მერიის უწყებებებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლები აუცილებლად უნდა გადაამზადონ, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და ინოვაციურ ტრენინგებზე უნდა იყოს  აქცენტი გამახვილებული.

-„მინდა, გამოვეხამაურო ბოლო ორი დღის განმავლობაში ატეხილ აჟიოტაჟს, მერიის სისტემის ფარგლებში ჩასატარებელ ტრენინგებთან დაკავშირებით. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს მოქმედი კანონმდებლობით ევალება ტრენინგების ჩატარება და პერიოდულად თავის თანამშრომლების გადამზადება. საკანონმდებლო ვალდებულებაც რომ არ იყოს, მე პირადად ვთვლი, რომ ეტაპობრივად მერიის უწყებებებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლები აუცილებლად უნდა გადაამზადონ, რათა არ ჩამოვრჩეთ მიმდინარე სიახლეებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და ინოვაციურ ტრენინგებზე უნდა ავიღოთ მეტი აქცენტი, ალბათ ამ შემთხვევაში ასეც უნდა გაგვეკეთებინა, რაც უკეთესი შედეგის მომტანი იქნებოდა, ვიდრე პროტოკოლის და ეტიკეტის სწავლება. ამიტომ მოვუწოდებ მერიის თანამშრომლებს, ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებით, როცა ვგეგმავთ თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგებს, აქცენტი გავაკეთოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე”-განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარის დატოვება