ნინო ლომჯარია – შიმშილობის დაწყებას ვერ მივესალმები, ვისურვებდი, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში ყოფილიყო, ეს გზა პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისით უფრო ეფექტური იქნებოდა

შიმშილობის დაწყებას ვერ მივესალმები ვერცერთ ვითარებაში. ეს არის ძალიან ცუდი ჯანმრთელობისთვის, თუმცა ეს არის ადამიანის ინდივიდუალური არჩევანი, ამ შემთხვევაში პოლიტიკური აქტი და პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მასობრივი შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სასურველია, პოლიტიკური პროცესი საკანონმდებლო ორგანოში ყოფილიყო.

„როგორც სახალხო დამცველი, გულწრფელად რომ გითხრათ, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი ყოფილიყო საქართველოს პარლამენტში. ვფიქრობ, საქართველოში ოპოზიციას აქვს ხმების საკმარისი რაოდენობა პარლამენტში, რომ პარლამენტში იყოს ძალინ ცოცხალი პროცესი და ძალიან ბევრი, მათ შორის თუნდაც პრობლემა შეუქმნან ხელისუფლებას სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით. ვფიქრობ, ეს გზა მათ შორის პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისით უფრო ეფექტური იქნებოდა, თუმცა რა თქმა უნდა პოლიტიკური პარტიები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორ სტრატეგიას მიმართავენ და ეს არის მათი არჩევანი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებენ.