პოლიტიკური მართლმსაჯულება ვიდრე არ მოწესრიგდება, ეს ვითარება არ შეიცვლება, თორემ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ასეთი, ადრე თუ გვიან მაინც გამოვა საპატიმროდან – ნიკა მელია

სამოქალქო თანხმობას, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს და მე პირადად, უმცირეს შანსს ვიდრე ვხედავ, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ამ პროცესს ხელს შევუწყობ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომელიც ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

მისივე თქმით, სამოქალაქო თანხმობა ამ ეტაპზე გულისხმობს პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას და იმას, რომ არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს.

„გულუბრყვილო არც მოლოდინი და ილუზიები მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, სამოქალქო თანხმობას, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს. მე პირადად, მეგობრებთან ერთად, უმცირეს შანსს ვიდრე ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ ჩემი და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის ამ ეტაპზე, ისტორიის მოცემულ დროში გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას და ერთხელ და სამუდამოდ ამ მიმართულებით მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, პოლიტიკური დევნის დასრულება, არა მხოლოდ წარსულზე უნდა შევთანხმდეთ, უნდა შევთანხმდეთ მომავალზე და არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. სხვა შემთხვევაში სამოქალაქო თანხმობაზე საუბარი გაჭირდება“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სააკაშვილის ტყვეობაში არყოფნა. პატიმრები არიან უამრავი უკვე, მაგრამ პოლიტიკური მართლმსაჯულება ვიდრე არ მოწესრიგდება, ეს ვითარება არ შეიცვლება, თორემ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ასეთი, ადრე თუ გვიან მაინც გამოვა საპატიმროდან“, – განაცხადა მელიამ.