ნიკა მელია – სალომე ზურაბიშვილს აქვს ისტორიული შანსი, რომ მას შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამ პოლიტიკური კრიზისში

დარწმუნებული ვარ,  სამოქალქო თანხმობას, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს და მე პირადად, უმცირეს შანსს ვიდრე ვხედავ, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ამ პროცესს ხელს შევუწყობ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომელიც ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

მისივე თქმით, სამოქალაქო თანხმობა ამ ეტაპზე გულისხმობს პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას და იმას, რომ არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს.

„გულუბრყვილო არც მოლოდინი და ილუზიები მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, სამოქალქო თანხმობას, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს. მე პირადად, მეგობრებთან ერთად, უმცირეს შანსს ვიდრე ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ ჩემი და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის ამ ეტაპზე, ისტორიის მოცემულ დროში გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას და ერთხელ და სამუდამოდ ამ მიმართულებით მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, პოლიტიკური დევნის დასრულება, არა მხოლოდ წარსულზე უნდა შევთანხმდეთ, უნდა შევთანხმდეთ მომავალზე და არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. სხვა შემთხვევაში სამოქალაქო თანხმობაზე საუბარი გაჭირდება“, – განაცხადა მელიამ.

მელიას განმარტებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ სალომე ზურაბიშვილს ძალიან სწორი ხედვა აქვს.

„ამის თაობაზე საჯაროდაც ისაუბრა, ჩემდა გასაკვირადაც, როცა იგი აღიარებს, რომ ქვეყანაში არის სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისი. ვფიქრობ, გამოსავალიც მას სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიზმე. ზურაბიშვილს აქვს ისტორიული შანსი. ჩემი შეფასებით, მას შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამ პროცესში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.