ამირან გამყრელიძე – ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძემ რაც თქვა, არის გლობალური გამოწვევა, რომელმაც განსაკუთრებით ​კოვიდპანდემიის დროს იჩინა თავი

ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძემ რაც თქვა, არის გლობალური გამოწვევა, რომელმაც განსაკუთრებით ​კოვიდპანდემიის დროს იჩინა თავი, ეს არ არის ქართული ფენომენი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მსოფლიოს ყველა საავადმყოფოს აქვს ინფექციის კონტროლის პრობლემები.

„სიკვდილიანობის ზრდა დაახლოებით ორი-სამი კვირით ჩამორჩება ხოლმე ახალ შემთხვევებს. ანუ პროპორციული დამოკიდებულება არის ახალ შემთხვევებსა და სიკვდილიანობას შორის, მაგრამ სიკვდილიანობა, როგორც წესი, დაახლოებით ორი-სამი კვირით ჩამორჩება. მაგალითად, თუ სამი კვირის წინ გქონდა 4 000 – 5 000 შემთხვევა, სიკვდილიანობის ზრდას მოგცემს შემდგომ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამაზე ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს.

ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძემ რაც თქვა, ეს არის გლობალური გამოწვევა და რომელმაც განსაკუთრებით თავი იჩინა კოვიდპანდემიის დროს. ეს არ არის ქართული ფენომენი. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ახლად წარმოშობილ ვირუსულ დაავადებებთან ერთად, არის კიდევ მეორე – ანტიმიკრობული რეზისტენტობა, როდესაც ანტიბიოტიკები ვეღარ მოქმედებენ ჩვეულებრივად გავრცელებულ შტამებზე. ეს გლობალური პრობლემაა. ამან განსაკუთრებით თავი იჩინა მასობრივი ინფიცირების დროს, როგორიც გახლავთ კოვიდი. კოვიდით ამ ორ წელიწადში 280 მლნ ადამიანი დაინფიცირდა და 5.4 მლნ სამწუხაროდ გარდაიცვალა.

მსოფლიოს ყველა საავადმყოფოს აქვს ინფექციის კონტროლის პრობლემები. ზოგიერთი საავადმყოფოები გარკვეულ ეტაპზე მალავდნენ ინფექციის კონტროლთან და ნოზოკომიურ ინფექციებთან დაკავშირებით რეპორტინგს, რომელიც აუცილებელი რეპორტინგია სამედიცინო სტატისტიკაში. მაგრამ შემდგომ, როდესაც მათ აეხსნათ, რომ არ იქნებოდა დასჯის საგანი, პირიქით, იქნებოდა უფრო მეტი მუშაობის საგანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ 26 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვა ჰოსპიტალური ინფექციები ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი“.