მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულებმა – გიორგი ნარიმანიძემ, ელგუჯა ცომაიამ, ზურაბ და შალვა წოწორიებმა ბრალი აღიარეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულებმა – გიორგი ნარიმანიძემ, ელგუჯა ცომაიამ, ზურაბ და შალვა წოწორიებმა ბრალი აღიარეს.

სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და მოსამართლემ აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.

ასევე, დღეს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის საკითხი გადაისინჯა. პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე ოთხივე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების თაობაზე იშუამდგომლა. სასამართლომ ოთხივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებულებს – გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ელგუჯა ცომაიას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.