სოზარ სუბარი: სასტუმრო „ქართლთან“ დაკავშირებით მე ჩავატარებინე განმეორებითი ექსპერტიზა და დეტალური კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ კორპუსს ეკუთვნოდა ნგრევადი ობიექტის სტატუსი

სხვათა შორის, სასტუმრო „ქართლთან“ დაკავშირებით, მე ჩავატარე ექსპერტიზა. მანამდე ჩატარებული იყო ექსპერტიზა და არ ჰქონდა მინიჭებული სტატუსი, თუმცა, მე ჩავატარებინე განმეორებითი ექსპერტიზა და დეტალური კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ კორპუსს ეკუთვნოდა ნგრევადი ობიექტის სტატუსი და შესაბამისად სასტუმრო „ქართლიდან“ განსახლება, სწორედ მაშინ დადგა დღის წესრიგში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„სასტუმრო ქართლში არის ორი პრობლემა. პირველი ის, რომ მართლა ნგრევადი ობიექტია და მართლა მძიმე ბზარები აქვს და მეორე – ძალიან მცირე ფართები აქვთ დევნილებს. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ ადამიანების უპირობო განსახლება. ვფიქრობ, ეს იქნება ამ პრობლემის გადაწყვეტა, მითუმეტეს ეს არის ადგილი, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს პრივატიზებისთვის, ვთქვათ იმ ადამიანისთვის, რომელიც მოისურვებს იქ რამის გაკეთებას. დიდი ტერიტორიაა, 4 ჰექტარი ტერიტორიაა და პირველ რიგში დევნილების საკითხი გადაწყდება და მეორე, თვითონ ქალაქისთვისაც საინტერესო შეიძლება იყოს ის ტერიტორია, რომელიც იქ არის.
მართლაც არაერთი დაპირება გვაქვს მიცემული ამ ადამიანებისთვის, რომ მათი მდგომარეობა გადაწყდებოდა და ისინი მიიღებდნენ დროულად ბინებს. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მოგვარდება ეს პრობლემა.

ძალიან კარგად გვესმის ყველას, რომ ეს არის ის ერთ-ერთი მძიმე ობიექტი, რომლის განსახლება და ადამიანების ბინებით დაკმაყოფილება არის ძალიან საჩქარო საქმე.