სვენ მიქსერი აცხადებს, რომ ევროპული დოკუმენტებიდან ტერმინ სამხრეთ ოსეთის ამოღების შესახებ შენიშვნა მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელ​ი სვენ მიქსერი აცხადებს, რომ სამომავლოდ საქართველოსთან დაკავშირებული ევროპული დოკუმენტების შექმნისას ტერმინთა ფორმულირების საკითხს გაითვალისწინებენ.

კერძოდ, სვენ მიქსერის თქმით, ტერმინ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით დეპუტატ ნიკოლოზ სამხარაძის შენიშვნა მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.

„მე ჩავინიშნე თქვენი შეშფოთება ფორმულირებებთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და თანმიმდევრულია. ჩვენ ეს უნდა ჩავინიშნოთ და გავითვალისწინოთ, როდესაც მომავალში შევიმუშავებთ ევროპულ დოკუმენტებს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელიც ევროპარლამენტის მომხსენებლის, სვენ მიქსერის მონაწილეობით მიმდინარეობდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტის მომხსენებელ სვენ მიქსერს მიმართა, ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტებიდან ამოიღონ სტალინისტური ტერმინი სამხრეთ ოსეთი.