ანა ნაცვლიშვილი: ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციების კუთხით, სამწუხაროდ უკვე მრავალი წელია უკუსვლა გვაქვს

„კარგი პრეცენდენტია, როდესაც ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ასეთი სტუმრის მოსაზრებების მოსმენა და შევუერთდები იმ მცდელობებს, რომ პარლამენტში მსგავსი ტიპის შეხვედრები ტრადიციად გადაიქცეს, ეს ძალიან მისასალმებელი იქნება“, – განაცხადა ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ევროპარლამენტარს, სვენ მიქსერს მოუსმინეს.

 

„საქართველო, ისევე როგორც მთელი რეგიონი და ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით ჩვენი მეგობარი უკრაინა, ძალიან სერიოზული საგარეო გამოწვევების და საფრთხეების წინაშეა. ეს საფრთხეები ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს და ცივილიზირებულ მომავალს ყოველდღიურად ძალიან დიდ გამოწვევებს უქმნის. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ყველას კარგად გვესმის ან უნდა გვესმოდეს, რომ საგარეო გამოწვევებთან ბრძოლაში საქართველოს, ისე როგორც არასდროს, ძლიერი ტვინი და ძლიერი კუნთები სჭირდება. და ჩემი შეხედულებით ეს არის ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებიც იცავენ და ზედმიწევნით მისდევენ სამართლის უზენაესობის და ადამიანის უფლებების პრინციპებს. რა თვალსაზრისითაც, სამწუხაროდ, ჩვენ უკვე მრავალი წელია უკუსვლა გვაქვს. მე, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს და პირველ რიგში ამ ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან მამძიმებს, როდესაც სტუმარს, ასევე პარლამენტარს უწევს ყველასთვის იმის შეხსენება, რომ შეთანხმება, კომპრომისი, დიალოგი ეს არის სტანდარტი და არა სხვა რამ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით „ბევრი გაკეთდა“ ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ შეთანხმება გამხდარიყო საქილიკო პროცესი და ტერმინი. მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ ძალიან კონკრეტულ მცდელობებს, რომ მიღწეული იქნას თუნდაც მცირე ნაბიჯებით დიალოგი, რომელიც აზრს გამოიღებს, მაგრამ ვერ ვხედავ ბოლომდე მიყვანილ პროცესებს, რა თქმა უნდა, ეს შეთანხმების მნიშვნელობას აკნინებს და განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც ამის ტრადიციები და კულტურა პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს, დიახ, ამის შემდეგ შეთანხმების მცდელობებიც კი აღიქმება სისუსტედ და არასწორ ნაბიჯად“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.