ჯანდაცვის სამინისტროსთან იძულებით გადაადგილებული პირები აქციას მართავენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან იძულებით გადაადგილებული პირები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა ავარიული შენობებიდან გაყვანა, ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება და სოციალური დახმარების პაკეტის საარსებო მინიმუმამდე გაზრდაა.

აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას ითხოვენ, რათა მათ მიერ შემუშავებული წინადადებათა პაკეტი პირადად წარუდგინონ.

ასოციაცია “დევნილები – დევნილებისათვის” გამგეობის თავმჯდომარის ირაკლი ტორუას განცხადებით, დევნილთა საცხოვრებელი 90-მდე ობიექტიდან 71 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 45- ლარიანი შემწეობა კი, რომელსაც იძულებით გადაადგილებული პირები იღებენ, ვერანაირ გამოწვევას ვერ პასუხობს.

მისი თქმით, შემუშავებულია წინადადებათა პაკეტი დევნილთა სამინისტროს მიმართ თუ როგორ შეიძლება დაჩქარდეს ბინებით უზრუნველყოფის საკითხი.

“ჩვენ მოვითხოვთ ნგრევადი და სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტებში მცხოვრები დევნილების სასწრაფოდ გაყვანას. ამასთან, დევნილები, რომლებიც 29 წელია ქირით ცხოვრობენ და არაფრით არ შეუწუხებიათ სახელმწიფო, უნდა მოხდეს მათთვის ადმინისტრაციული დაპირების მიცემა ბინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

45- ლარიანი შემწეობა ვერანაირ გამოწვევას ვერ პასუხობს, ყველაფერი გაძვირდა, მაგრამ დევნილთა შემწეობამ არ მოიმატა. მოვითხოვთ, რომ გაიზარდოს საარსებო მინიმუმამდე ეს თანხა”- განაცხადა ტორუამ.