გიორგი ფხაკაძე – უახლოეს მომავალში ალბათ, 1-3 თვეში, სავარაუდოდ, კოვიდის ახალი ვარიანტი „დაიბადება”

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, კოვიდის ახალი ვარიანტი გაჩნდეს.

იგი ასევე ამბობს, რომ ამ ყველაფერს საფუძვლად მათემატიკული გათვლები უდევს.

მეკითხებიან, იქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? – კი, იქნება. „ომიკრონი” დასასრულის დასაწყისია? – არა. კოვიდი არ არის სეზონური გრიპი.

მათემატიკული მოდელირების საფუძველზე უახლოეს მომავალში (ალბათ, 1-3 თვეში) ახალი ვარიანტი, სავარაუდოდ, „დაიბადება” აფრიკაში. რატომ? კონტინენტის მოსახლეობის მხოლოდ 1% არის აცრილი. ყველა ფაქტორიდან გამომდინარე, ბურუნდი (175-ჯერ) და ტანზანია (40-ჯერ) არიან ყველაზე დიდი რისკის მატარებლები. ისე, ამერიკაც არ ჩამორჩება.

რა უნდა ვქნათ, რომ შევაჩეროთ ახალი მუტაციები?! გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება.

როგორ გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება? – სამედიცინო პირბადით, დისტანციით და ვაქცინაციით (ფაიზერი /მოდერნა).

ან ჩვენ გადავუვლით ამ ვირუსს, ან ის გადაგვივლის ჩვენ. ჯერჯერობით ვირუსი იგებს ამ ბრძოლაში”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ამასთან, როგორც ექსპერტი გვამცნობს, გერმანიაში დამტკიცდა კოვიდის მე-4 დოზა.

„გერმანიაში დამტკიცდა კოვიდის მე-4 დოზა.. ვისთვის? – 70 წელს გადაცილებულებისთვის. იმუნოკომპრომიტირებული პაციენტებისთვის. სამედიცინო პერსონალი და ვინც მუშაობს სამედიცინო და სოციალურ დაწესებულებებში”, – თქვა ფხაკაძემ.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 130 პირი.