საგამოძიებო კომისიის საჭიროება არ არსებობს, ენმ-მ მოიგონა, რომ პარლამენტში დაბრუნება გაამართლოს – მაჭარაშვილი

,,ქართული ოცნების” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მესამე პრეზიდენტის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ კომისიის “არანაირი საჭიროება არ არსებობს”

მაჭარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა კითხვას გაეცა პასუხი. მისივე თქმით, კომისიის შექმნის ინიციატივა იყო საბაბი “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებულიყვნენ.

“ამ პატიმრის როგორც ჯანმრთელობის, ასევე, უფლებრივი მდგომარეობა აბსოლუტურად ცნობილია საზოგადოებისთვის და ყველა უწყება ვინც იყო და არის ჩართული, კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც და უფლებრივ მდგომარეობასაც, გამომდინარე აქედან, არანაირი საჭიროება ამ კომისიის შექმნისა არ არსებობს. მეტსაც გეტყვით, ის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიგონა კომისიის შექმნის ინიცირება, ნიშნავს იმას, რომ მისი ხელმეორედ პარლამენტში დაბრუნების მიზეზი გაამართლოს”, – ამბობს მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით ნაციონალური მოძრაობა პარლამენტს დღეს მიმართავს.