მამუკა ღლონტი: ხელისუფლებას მედიისგან სრული მორჩილება სურს!

რადიო მაესტროს ხელმძღვანელი და ტელეკომპანია მაესტროს წილის მფლობელი მამუკა ღლონტი სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარე ზეწოლაზე საუბრობს. მისი განცხადებით, რადიოში უკვე თვეზე მეტია ფინანსური პოლიციაა შესული. შემოწმება დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ თებერვლამდე გადაიწია.

მამუკა ღლონტი საგამოძიებო სამსახურის დაინტერესების რეალურ მიზეზზე საუბრობს. ღლონტი ამტკიცებს, რომ მის დაშინებას და ამით ტელეკომპანია მაესტროს წილებზე უარის თქმას ცდილობენ. მითუმეტეს, რომ შემოთავაზებას წილებთან დაკავშირებით მისივე თქმით, სისტემატიურად იღებს. მამუკა ღლონტი კონკრეტულ ადამიანებსაც ასახელებს.

“ამათ შორის და ნაციონალურ მოძარაობას შორის მე ვერავითარ სხვაობას ვერ ვხედავ. ხელისუფლებას მედიისგან სრული მორჩილება სურს,  “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს საგადასახადო სამსახურში მომუშავე პირები, უკვე “ახალ ბატონებთან” აკეთებენ საქმეს. რაცას აკეთებდა სააკაშვილი იმას აკეთებს კვირიკაშვილი და მისი წინამორბედი“- განაცხადა ღლონტმა “კურიერის“ პირდაპირ ეთერში.

მისი ინფორმაციით, მაესტროდან მისი ჩამოშორება ხელისუფლების დავალებით ძმებ გაჩეჩილაძეებს და მაესტროს რეალურ მმართველს ირაკლი რუხაძეს სურს. რუხაძე ამავე დროს იმედის ხელმძღვანელიცაა.

ტელეკომპანია იმედის მმართველთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. მასთან კომუნიკაცია არ აქვთ საკუთარ თანამშრომლებსაც. რაც შეეხებათ ძმებ გაჩეცილაძეებს, ისინი რუსთავი 2-თან საუბარზე უარს ამბობენ და მამუკა ღლონტის პრეტენზიები საერთოდ არ აინტერესებთ.

კომენტარის დატოვება