ნიკა მელიას ფარული ჩანაწერების ტირაჟირება ხდება პროპაგანდისტული მიზნებით, მათი მიზანია პარტიის შიგნით განხეთქილების შემოტანა – ლევან ბეჟაშვილი

ნიკა მელიას ფარული ჩანაწერების ტირაჟირება ხდება პროპაგანდისტული მიზნებით, მათი მიზანია პარტიის შიგნით განხეთქილების შემოტანა – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სპეცსამსახურები დაკავებულები არიან ფარული ჩანაწერების გავრცელებით და ამ ყველაფერზე პიარის აწყობით.

,,მართლა წარმოუდენელია, რომ სპეცსამსახურები დაკავებულები არიან ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ფარული გადაღებით, შემდეგ ამის მონტაჟით და ამაზე პიარის აწყობით. ყველა ხვდება დღეს ქვეყანაში, რომ პროპაგანდისტული მიზნებით ხდება სამთავრობო არხებზე ამ ყველაფრის ტირაჟირება. მხოლოდ და მხოლოდ ერთი განზრახვა აქვთ, რომ რაიმე განხეთქილება შეიტანონ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ აქტივში. ბუნებრივია, მიზანს ვერ მიაღწევენ. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა და ამ გეგმას მივყვებით. მთავარი გეგმა კი ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის არის, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება უკანონო პატიმრობიდან და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა” – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, „ქრონიკამ“ გაავრცელა მასალა, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პროცესის დროს, სასამართლოს ეზოში მხარდამჭერებს უმტკიცებს, თუ როგორი წინააღმდეგი იყო სააკაშვილის ჩამოსვლის, რადგან იცოდა, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.