ვითარება შეცვლილია და ვფიქრობ, ევროკავშირი პოზიტიურ, სწრაფ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით – დავით სერგეენკო

ომი, რომელიც ახლა უკრაინაში მიდის, მომავალში ბევრ რამეს შეცვლის და ბევრი რამ უკვე შეცვალა – მათ შორისაა ევროპის ქვეყნების დამოკიდებულება, რომელთაც ცალსახად განაცხადეს, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესიის შეჩერება უფრო მეტად რომ ყოფილიყო მხარდაჭერილი, შეიძლება ის არ მომხდარიყო, რაც ახლა ხდება, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ გააკეთა.

სერგეენკო ფიქრობს, რომ ,,აგრესორი რაღაც ფორმით გონს მოეგება და საშინელება, რაც უკრაინაში ხდება, ჩაცხრება”.

,,ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ორ მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინათ და სიცოცხლე გადაერჩინა. იმდენად წარმოუდგენელია რაც ხდება, რომ რაღაც რაციონალურის დანახვა მიჭირს. რაიმე რაციონალურის თქმა გამიჭირდება, რადგან ჩემში ემოციები ჭარბობს. უკრაინის ყველა მოქალაქე, ვინც საქართველოშია, მათ მიმართ ჰუმანიტარული თვალსაზრისით დახმარება იქნება. პოლონეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში ვინც იმყოფება, მათთან კომუნიკაცია გვაქვს და საქართველოში მათი გადმოყვანა ჯერ ტექნიკური საკითხების გამო გართულებულია, თუმცა ამის მზადყოფნა გვაქვს და თუ აქ ჩამოვლენ, მაქსიმალურ მხარდაჭერას გავუწევთ“, – განაცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.