ხომ არ დადგა დრო, საქართველო Мир-ის სისტემას შეუერთდეს – ფრიდონ ინჯია

,,ევროპელი სოციალისტების” წევრი დეპუტატი ფრიდონ ინჯია ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთის საბანკო სისტემა Мир-ს უნდა შეუერთდეს.

ამის შესახებ ინჯიამ დღეს, 9 მარტს, ბიუროს სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ხმას რუსეთის წინააღმდეგ აძლევს, თუმცა Мир-თან მიერთება „ბიზნესის“ ნაწილია.

„იმისათვის, რომ ის ჩვენი განაცხადი [EU-ში გაწევრიანების შესახებ] იყოს გამაგრებული, საჭიროა, რომ ფეხზე დადგეს ქვეყანა და ის, რომ ჩვენ შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5 ათასამდეც არ არის, უნდა აიწიოს. ამისთვის, ჩვენ უნდა ვიფიქროთ. რა მაქვს პირველ რიგში მხედველობაში – თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, შეიძლება, ხორბლის და საწვავის გარეშე დავრჩეთ.

აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, რომ, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის, ჩინეთმა, Мир-ის სისტემას შევუერთდეთ და ამითი ის გადარიცხვები, რუსული მანეთი რომ იქნება და 34 მილიონ დოლარს რიცხავდნენ ქართველები საქართველოში, რაღაცნაირად დაკომპენსირდეს? ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვაძლევთ ხმას რუსეთის წინააღმდეგ, კი ბატონო, მაგრამ ეს არის ბიზნესი და ეს არის ფული, სადაც შეიძლება ჩვენი მოსახლეობა ფეხზე დადგეს და ის გადარიცხვები, რაც მოდის იქიდან, რომ შევინარჩუნოთ და ხორბალი, რომელიც 2 თვის მარაგიაო, როგორც მე გავიგე, ოქროს ფასი არ დაგვიჯდეს და ის ნავთობი, რომელიც 40% რუსეთიდან მოდის, რაცნაიარდა ამ მხრივ გადავიდეთ და დავიწყოთ მოლაპარაკება იმისათვის, რომ ჩვენ ფეხზე დავდგეთ ჩვენი ჭკუით გაგებით რაღაცა მოგება მივიღოთ. ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის“, – განაცხადა ინჯიამ.