არჩილ თალაკვაძე – ნიკა მელიას სიტყვები სააკაშვილზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზულ კრიზისზე მიუთითებს და მიუთითებს იმაზე, რომ რამდენიმე გუნდი ცდილობს ძალაუფლების გადანაწილებას

მელიამ სააკაშვილზე თქვა ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით სინამდვილეში, ყველამ იცის, უბრალოდ ამის საჯაროდ გამოტანა არ უნდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და გამოეხმურა მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, სადაც ნიკა მელია ამბობს, რომ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანის იდეა ვერ იქნება ხალხის ქუჩაში გამოსვლის საბაბი.

თალაკვაძის თქმით, როგორც ჩანს სააკაშვილს პარტიაში ანტიდემოკრატიული გარემო აქვს შექმნილი.

„ როგორც ჩანს, სააკაშვილს აქვს პარტიაში აბსოლუტურად ანტიდემოკრატიული გარემო შექმნილი და ხელს უშლის ნებისმიერ მსჯელობას, დისკუსიას და თავისუფალი აზრის გამოხატვას. ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს მათი პრობლემაა.

სწორედ თვეების წინ ჩვენ ვამბობდით, რომ იყო დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით და დღეს უფრო ცხადად გამოჩნდა, რომ მელიას დაქვეითება თუ დასჯა პოლიტიკურად, პარტიის შიგნით, უკავშირდებოდა ზუსტად იმას, რომ მელია ამ რეალობას როგორც ჩანს, აყენებდა პარტიის შიგნით. ახლა უკვე ამაზე საჯაროდ საუბრობს. ეს მიუთითებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზულ კრიზისზე და მიუთითებს იმაზე, რომ რამდენიმე გუნდი ცდილობს ძალაუფლების გადანაწილებას, მათ შორის არაერთი ცდილობს, დაანახოს მიხეილ სააკაშვილს, რომ ისინიც არიან მიხეილ სააკაშვილები და მათაც შეუძლიათ, არანაკლებ აგრესიულები იყვნენ.

ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის დავალება, რეგიონებში მოაწყვეთ დესტრუქცია და დებოში, არიეთ სიტუაცია და მაშინ დაემსგავსებით თქვენ სააკაშვილსო. როგორც ჩანს, სწორედ ამის წინააღმდეგ მიდის და სწორედ ამის გამო განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ისე, რომ მელია და მელიას წარდგენილი ადამიანები გადაიყვანეს ფარდის უკან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.