იმედი გვაქვს, ახალი ხელმძღვანელები საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე არ დაინიშნებიან – დეგნანი ინსპექტორის სამსახურზე

იმედი გვაქვს, ახალი ხელმძღვანელები საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე არ დაინიშნებიან – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანიმა  შალვა პაპუაშვილის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ელჩის თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყო.

დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები ისე არ დაინიშნებიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ლონდა თოლორაიას საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდეს.

“შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხი და იმედი გამოვთქვით, რომ ეს პროცესი წარიმართება სათანადოდ იმ ვადებში და ფარგლებში რაც არის გათვალისწინებული კანონით, იმიტომ, რომ აღნიშნული სამსახურები არის დიდი მნიშვნელობის მქონე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დღეს ვსაუბრობთ პირადი მონაცემების დაცვაზე, მაშინ, როცა ონლაინ არის ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია განთავსებული.

ჩვენ იმედი გამოვთქვით და იმედი გვაქვს, რომ შერჩეული იქნებიან დამოუკიდებელი კანდიდატები ხელმძღვანელებად, რომლებსაც აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და არ იქნება ეს პროცესი ნაჩქარევად წარმართული”, – თქვა კელი დეგნანმა.

გარდა ამისა, ელჩის თქმით, საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელს, რომლითაც ლონდა თოლორაია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

“ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამასთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას და ახალი კანდიდატების დამტკიცება/დანიშვნა არ მოხდება, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილება გამოიტანოს ამასთან დაკავშირებით”, – თქვა დეგნანმა.