კახა კალაძე – „ნაცმოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ​ოპოზიციური პარტიები და მისი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, შემდეგ აბულინგონ ტელევიზიებით

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ოპოზიციური პარტიები, მისი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და შემდეგ აბულინგოს ტელევიზიებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

იგი ასევე გამოეხმუარა გიგი უგულავას ინიციატივაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდეს „ქოლგა პარტია“, რომელიც  ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს.

„რა მიიღეს ამით – ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარ თავზე, საკუთარი პარტიის წარმომადგენელზე იწვნია. შესაბამისად, ვფიქრობ ოპოზიციამ ჭკუა ისწავლა, როგორ უნდა იმოქმედოს, რა უნდა გააკეთოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ყველა ოპოზიციური პარტია და მისი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, შემდეგ აბულინგონ ტელევიზიებით.

ბევრი მაგალითი შეიძლება, მოვიყვანოთ, რა განცხადებებს აკეთებენ, როგორი ბულინგი მიდიოდა, როგორ ატერორებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, თუნდაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი. მაგალითად, ელისაშვილის პარტიის მაგალითი ავიღოთ, რა უქნეს ბიჭს, გადაუარეს, გაანადგურეს, ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, დღეს კი, თვითონ შებრძანდნენ პარლამენტში. ეს არის რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.