„რაც ორ წელიწადში გახარიამ ეკონომიკური შეზღუდვების სახით გააკეთა, იყო მისი დანაშაული ქვეყნისა და ერის წინაშე” – პაატა ბაირახტარი ლარის გამყარების მიზეზებს ხსნის

ეკონომისტი, ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ,,ჯიემთივისთან“ ლარის კურსის გამყარებაზე საუბრობს.

მისი თქმით, ლარის გამყარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის იმ ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა, რაც ქვეყანას ჰქონდა პანდემიის დროს. ხოლო გახარიას პრემიერობის დროს ქვეყანამ კაბალური ეკონომიკური შეზღუდვები გამოიარა.

ამასთან, ეკონომიკის ექსპერტის თქმით, ბოლოდროინდელი პროცესების გათვალისწინებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ლარის მასას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს კურსზე და კურსი მის მიმართ არის ძალიან მგრძნობიარე,

,,ლარის  გამყარების მიზეზებს რაც შეეხება, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი პოლიტიკა. ეს გამოიხატება რეფინანსირების სესხების შეზღუდვაში. ეროვნული ბანკი მუდმივად აპელირებდა და აპელირებს იმაზე, რომ ლარის მასას არსებითი ზეგავლენა არ აქვს კურსზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მუდმივად გვქონდა დავა. ბოლოდროინდელი პროცესების გათვალისწინებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ლარის მასას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს კურსზე და კურსი მის მიმართ არის ძალიან მგრძნობიარე.  როცა ჩვენ შევხედავთ ცენტრალური ბანკის პოლიტიკას, რომელიც გამოიხატა ლარის მიწოდების შეზღუდვაში, ამან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ლარის გაჯანსაღებაზე.

გარდა ამისა, იმ ორი დამანგრეველი წლის შემდეგ, რომელიც ქვეყანამ გამოიარა, არა მხოლოდ პანდემიიდან გამომდინარე, არამედ იმ გაუაზრებელი, კაბალური ეკონომიკური შეზღუდვებიდან გამომდინარე, რომელიც წინა პრემიერ-მინისტრის, გახარიას დროს გამოიარა ქვეყანამ, გვაქვს გაუმჯობესება.  ეს იყო დანაშაული, ქვეყნისა და ერის წინაშე, რაც გააკეთა ამ ადამიანმა ამ ეკონომიკური შეზღუდვების სახით. ამ ყველაფრის შემდეგ ქვეყანამ გარკვეულწილად დაიწყო იმ ეკონომიკური და მაკროეკონიმიკური პარამეტრების გაჯანსაღება, რომლებიც უზრუნველყოფენ უცხოური ვალუტის შემოდინაებას და რასაც დადებითი გავლენა აქვს კურსზე. ჩვენ გაგვეზარდა წმინდა ექსპორტი, გადმორიცხვები , ფულადი გზავნილები და ასე შემდეგ“ – აღნიშნავს ბაირახტარი.