როდესაც ქვეყანაში გვაქვს ეროვნული ვალუტის სწრაფი გამყარება ჩემთვის გაუგებარია, რის საფუძველზე ამბობს ბატონი ვასიკო რომ  საწვავის ფასი 20-25 თეთრით უნდა გაიზარდოს – ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი

ეკონომისტი, ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ,,GMTV“-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია საწვავზე ფასის კონკრეტული ნიშნულით მატების პროგნოზი, რადგან ზუსტად არავინ იცის თუ სადამდე გაგრძელდება ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესი.

მისივე განცხადებით, პროდუქტებზე ფასებმა ლარის გამყარების პარალელურად აუცილებლად უნდა დაიკლოს.

,,პროდუქტებზე ფასები არავითარ შემთხვევაში არ უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი წნეხი ინფლაციაზე კურსიდან გამომდინარე. ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქციაზე. აქედან გამომდინარე, კურსიდან მომქინარე წნეხი მცირდება, რაც ნიშნავს, რომ ამან ფასების თვალსაზრისით უნდა შეასრულოს პოზიტიური როლი. მე ვუსმენ სხვადასხვა ასოციაციის ხელმძღვანელს, რომელბიც გადაჭრით აცხადებენ, რომ ფასები არ შემცირდება და აჟღერებენ აბსურდულ არგუმენტებს. სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფები თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე ფასებს რამდენად შეამცირებენ არ ვიცი, მაგრამ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით ფასები უნდა შემცირდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის წნეხი, რომელიც იყო ფასებზე, მცირდება.

რაც შეეხება პროგნოზებს საწვავის ფასზე, გლობალურ ბაზრებზე საწვავის ფასი მკვეთრად იზრდება და მე მესმის ბატონი ვასიკოს პათოსი ამასთან დაკავშირებით. თუმცა, ჩემთვის გაუგებარი და უცნაურია ის პროგნოზი, რომელიც გააკეთა ბატონმა ვასიკომ ფასის მატებასთან დაკავშირებით. გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასის გაძვირების პარალელურად, მნიშვნელოვნად მყარდება ეროვნული ვალუტა. როდესაც ქვეყანაში გვაქვს ეროვნული ვალუტის სწრაფი გამყარება ჩემთვის გაუგებარია, რის საფუძველზე აკეთებს ბატონი ვასიკო ასეთ განცხადებას, რომ 20-25 თეთრით უნდა გაიზარდოს საწვავის ფასი. შესაძლოა, ეროვნულმა ვალუტიდან მომდინარე პოზიტიურმა ძვრებმა ვეღარ გადაწონოს სწრაფი ნავთობის გაძვირების პროცესი და ამან გამოიწვიოს საწვავზე ფასების ზრდა, მაგრამ როდესაც ბატინმა ვასიკომ არ იცის რა დონემდე, რა სისწრაფით გამყარდება ეროვნული ვალუტა და ამის ფონზე მაინც აკეთებს კონკრეტულ პროგნოზს, მარტივად რომ ვთქვათ, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია,” – აღნიშნავს პაატა ბაირახტარი.

ცნობისთვის, „ვისოლის” გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა აცხადებს, – „მიუხედავად იმისა, რომ ლარი სტაბილურია, ეს არ არის ის ნიშნული, რომელიც აბალანსებს გაზრდილი ნავთობპროდუქტების ფასებს. ეს ხელს უწყობს, ამცირებს ზრდის ტრენდს, მაგრამ ზრდის ტრენდი საერთაშორისო ბაზარზე გაცილებით მეტია, ვიდრე ლარის გამყარების ტრენდი.

ეს არითმეტიკაა და აქ კომპანია ვერაფერს გააკეთებს. 100-150 დოლარით ფასის ზრდა ეს მინიმუმ 20-25 თეთრიანი სხვაობაა ლიტრზე, რომელიც გაიზრდება. თუმცა ეს ერთ დღეში არ მოხდება, ეს იქნება ეტაპობრივად”.