პატიმრის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე პენიტენციურის 3 თანამშრომელს ბრალი წარედგინა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასაბუთებული წინადადების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის 3 თანამშრომელს ბრალი წარედგინა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს ესკორტის ოფიცრების მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო [სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია].

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებული, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, იმყოფებოდა 24 საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ. 2021 წლის 14 ოქტომბერს, იგი სამკურნალოდ გადაიყვანეს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ და განათავსეს სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღჭურვილ პალატაში. 15 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფის წევრებმა, რომლებსაც ევალებოდათ პატიმრის მონიტორინგი და რომელთათვისაც ცნობილი იყო წარსულში პატიმრის მიერ თვითდაზიანებების მიყენების ფაქტისა და სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის მიმართ მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის განხორციელების აუცილებლობის თაობაზე, არაჯეროვნად შეასრულეს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებით მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და პალატაში მარტო მყოფი ბრალდებული დატოვეს მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე. უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ბრალდებულმა თავის ჩამოხრჩობის გზით განახორციელა სუიციდი. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.” ნათქვამია ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაში.