მორიგი ბრალდება და გიორგაძის პასუხი-“ნამდვილად არ გამხსენებია…”

“საია” სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროვებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფომაციით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის, მისამართზე რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს ვალი აქვს. საუბარია კერძო კომპანიაზე, რომელსაც სახელმწიფოსგან იჯარით, 49 წლით აქვს მიღებული ქონება და რომელსაც სახელმწიფოს ვალი მილიონ ლარზე მეტი დაუგროვდა.

“ეს იყო იჯარის ქირა, რომელიც მათ უნდა გადაეხადათ თბილისის ფილარმონიის სარგებლობისათვის, რომელიც 29 წლიანი ვადით აქვთ გადაცემული, თუმცა 2011 წლიდან მოყოლებული კომპანიას ეს თანხა არ გადაუხდია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2013 წლიდან დღემდე, პრაქტიკულად სახელმწიფოს აღარ შეუწუხებია კომპანია იმისთვის, რომ გადაეხადა ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება. კომპანიის იურიდიული მისამართი ასევე დღემდე რჩება მინისტრის საცხოვრებელი, ეს არის გაბაშვილის ნომერი 1“- განაცხადა “საია”-ს პროექტის კოორდინატორმა სულხან სალაძემ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს:

“ეს ბინა ახლა ჩემ საკუთრებაშია, მაგრამ იმდენად, ძალიან ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია, წარმოიდგინეთ 2005-ში აბსოლუტურად ფორმალური საკითხი, როდესაც იურიდიული მისამართი განესაზღვრა კომპანიას ბინაზე და ამ ბინაში როდესაც 10 წელზე მეტია არ ცხოვრობ, ინიშნები თანამდებობაზე, ნუ ნამდვილად არ გახსენებია არავის ფორმალური საკითხი. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს რაიმე დარღვევას წარმოადგენს დღესაც, თუმცა ამ ხარვეზსაც აუცილებლად გავასწორებ, გავაუქმებ იმ რეგისტრაციას“-ნათქვამია გიორგაძის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება