,,ოცნება” საბოტაჟს უწყობს სენაკის მუნიციპალიტეტს – საკრებულოს აპარატს რა უკანონობაც ჩაადენინა, ამას სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება – ბერდია სიჭინავა

თუ რამეა წარმოუდგენელი ამბავი, არის ის, როგორც იქცევა ,,ოცნება”, რომელიც საბოტაჟს უწყობს სენაკის მუნიციპალიტეტს – ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის” გენერალური მდივანი, ბერდია სიჭინავა ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რითიც მამუკა მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგს ეხმიანება.

როგორც სიჭინავა აღნიშნავს, მათ არაერთხელ ღიად მოუწოდეს “ოცნების” წარმომადგენლებს, მობრძანებულიყვნენ სხდომაზე და  წარმოედგინათ თავიანთი კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.

,,თუ რამეა წარმოუდგენელი ამბავი, არის ის, როგორც იქცევა  „ოცნება”, რომელიც საბოტაჟს უწყობს სენაკის მუნიციპალიტეტს და იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთა ყოველდღიურობაზეც აისახება მათი ეს უპასუხისმგებლო ქმედებები.

მუნიციპალური კრიზისის დასასრულებლად ღიად მოვუწოდეთ  „ოცნების” წარმომადგენლებს, მობრძანებულიყვნენ სხდომაზე, წარმოედგინათ თავიანთი კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე და მიიღებდნენ ჩვენს მხარდაჭერას, რომ ეს კრიზისი არ გაგრძელებულიყო.

რა წარმოადგენს „ოცნების” რეალურ მიზანს, „ოცნების” აღმასრულებელ მდივანზე უკეთ, ამას ვერავინ ახსნიდა.  ამიტომ გირჩევთ უყუროთ მამუკა მდინარაძის ბრიფინგს.  იურიდიულ ნიუანსებს რაც შეეხება:

1. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი, თუ მან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის შეტყობინებიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. ეს 2 კვირიანი ვადა უკვე გასულია.

2. საკრებულოს სხდომა იხსნება კონკრეტული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებით და გრძელდება მანამ, სანამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე არ მიიღება გადაწყვეტილება.

3. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნა 3 დეკემბერს, სადაც უფლებამოსილება შეიძინა საკრებულომ, არსებობდა კვორუმი და მას შემდეგ, 9 მცდელობა იყო სხდომის გაგრძელების (რასაც ოცნება უშლიდა ხელს), შესაბამისად ეს სხდომა არ დასრულებულა. კვორუმის არსებობის პირობებში, ყველა გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობით, თუმცა არანაკლებ ხმების ⅓-სა.

4. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურული არ იყო (მათ შორის არც ეხლა ამოწურულა), ამასთან, პირველი სხდომაზე საკრებულოს უფლებამოსილების საკითხს თავად წყვეტენ ის პირები, რომელთა უფლებამოსილებაც უნდა იქნეს ცნობილი, იმ პირს, რომლის უფლებამოსილებაც გუშინ იქნა ცნობილი, თავად შეეძლო სხდომაში მონაწილეობის მიღება მისი უფლებამოსილების საკითხის გადაწყვეტისას.

P.S საკრებულოს აპარატს რა უკანონობაც ჩაადენინა „ოცნებამ”, ეს ცალკე განხილვის საგანია და ამას სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება” – წერს სიჭინავა.