„პრეზიდენტი ჩვენს მოსაზრებებს თუ არ გაითვალისწინებს , გასაგები გახდება რომ განსხვავებული ხედვები აქვს“ – ანა ნაცვლიშვილი

„ჩემი სტრატეგია როგორც სხვა, ასევე ამ ფორმატშიც არის ის, რომ არგუმენტირებული პოზიცია ბოლომდე დავაფიქსირო და დავიცვა“, – ამის შესახებ „ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა „ეროვნული შერიგების“ პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, წარსულიდან გაკვეთილების გამოტანა საჭიროა, მაგრამ ეს პროცესი არ უნდა ჩაიკეტოს.

„თუ რაიმე პროცესი დაიძვრება, ამ პროცესმა უნდა დადოს კონკრეტული შედეგები. შეიძლება ეს არ იყოს ძალიან სწრაფი შედეგი, მაგრამ ეს შედეგი უნდა ახდენდეს გავლენას უნდა ახდენდეს დღევანდელ და ხვალინდელ დღეზე. წარსულიდან გაკვეთილების გამოტანა ცხადია მნიშვნელოვანი და საჭიროა, მაგრამ ეს პროცესი არ უნდა ჩაიკეტოს მხოლოდ წარსულზე საუბრით.

ვერ გეტყვით შედეგი მიღწეული იქნება თუ არა, მაგრამ ჩემი სტრატეგია როგორც სხვა ფორმატებში, ასევე ამ ფორმატშიც არის ის, რომ არგუმენტირებული პოზიცია ბოლომდე დავაფიქსირო და დავიცვა. თუ პრეზიდენტი არ გაითვალისწინებს ჩვენს მოსაზრებებს გასაგები გახდება, რომ ძალიან განსხვავებული ხედვები გვაქვს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, გუშინ, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებთან ფართომასშტაბიან მოლაპარაკებები დაიწყო.