ბერდის სიჭინავა – მოვუწოდებთ „ოცნებას”, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის ჩვენი კანდიდატის მხარდაჭერისკენ, მნიშვნელოვან პოზიციებზე კი მათ კანდიდატებს დავუჭერთ მხარს

„ოცნების“ ლიდერების განცხადებები არის პირდაპირი აღიარება, როგორი კრიმინალური მეთოდებით ცდილობს „ოცნება“ პოლიტიკური რეალობის ცვლილებას და უმრავლესობის მოპოვებას ამ მუნიციპალიტეტებში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

დღეს, ზუგდიდის საკრებულოს სხდომა უნდა გაიმართოს. ბერდია სიჭინავას თქმით, ბოიკოტის გამო, საკრებულო ვერ მუშაობს.

„ზუგდიდის საკრებულოში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლო ქმედებებისა და ბოიკოტირების რეჟიმის გამო, 2 თვეზე მეტია საკრებულო ვერ მუშაობს და ვერ ასრულებს თავის საბაზისო ფუნქციას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების, თანამდებობის პირების საქმიანობისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი, რომლის დამტკიცების შესაძლებლობა წინა მოწვევის საკრებულომ ზუგდიდელებს ქურდულად მოპარა. საკრებულოს ვერ ფუნქციონირება პირდაპირ აისახება მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურობასა და ზუგდიდელების ყოველდღიურობაზე” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამასთან, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტების ფუნქციონირება-არფუნქციონირება კობახიძის „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული და სენაკში წინა სხდომაზე ისევ საკუთარ ხალხს გამოუცხადეს ბოიკოტი.

„გასულ კვირას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განვითარებული პროცესები, თუ როგორ ცდილობდა „ოცნება“, უნიჭო არგუმენტებითა და „პროცედურული ომით“ აეხსნა მუნიციპალიტეტის საბოტაჟი და მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.

„ოცნების“ ლიდერების განცხადებები არის პირდაპირი აღიარება, როგორი კრიმინალური მეთოდებით ცდილობს „ოცნება“ პოლიტიკური რეალობის ცვლილებას და უმრავლესობის მოპოვებას ამ მუნიციპალიტეტებში.

ჩვენთვის არცერთი პოლიტიკური თანამდებობა არ არის მნიშვნელოვანი იმ კრიზისის ფასად, რომელსაც ხელოვნურად ქმნის „ოცნება“.

ჩვენმა პარტიამ ღიად მოვუწოდეთ „ოცნებას“ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარმოდგენისკენ სენაკში, რომელსაც ჩვენ მხარს დავუჭერდით ოღონდ ეს კრიზისი დასრულებულიყო. თუმცა, მათ შორის, „ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლები ვერაფერს წყვეტენ და მუნიციპალიტეტების ფუნქციონირება-არფუნქციონირება კობახიძის „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული და სენაკში წინა სხდომაზე ისევ საკუთარ ხალხს გამოუცხადეს ბოიკოტი.პრინციპი, რომლითაც ვმოქმედებთ ყველა მუნიციპალიტეტთან მიმართებით არის ორი – საკრებულოებში პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსის უზრუნველყოფა და მუნიციპალური კრიზისის არდაშვება. ორივე პრინციპი „ოცნებისთვის“ არის მიუღებელი” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

პარტია „საქართველოსთვის” მოუწოდებს ოცნებას, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის მათი კანდიდატის მხარდაჭერისკენ, მნიშვნელოვან პოზიციებზე კი ოცნების კანდიდატებს დაუჭერენ მხარს.

„დღევანდელ სხდომაზე ჩვენი გუნდი ზუგდიდში დაასახელებს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს და ღიად მოუწოდებს „ოცნებას“ მხარდაჭერისკენ. დღევანდელი სხდომა „ოცნებისთვის“ არის მორიგი ტესტი იმოქმედოს ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ზუგდიდში კრიზისს დაასრულებს.

თავის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდის წევრზე მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება უბრალოდ ადგილიდანაც კი არ იძვრის, ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები „ოცნების“ მიმართ, რათა ისინი სრულფასოვნად იყვნენ წარმოდგენილები საკრებულოს საქმიანობის წარმართვაში, მხარს დავუჭერთ მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს უმნიშვნელოვანეს, საკვანძო პოზიციებზე და ამ გზით მოხდეს ზუგდიდში მუნიციპალური კრიზისის დასრულება.

ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ზუგდიდელების ინტერესები იყოს პრიორიტეტული ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ვიწრო პარტიულ ინტერესთან შედარებით და ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დავძლიოთ! ჩვენი მოქალაქეები ამას კარგად ხედავენ და შესაბამის პასუხს აუცილებლად გასცემენ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ პარტიებს” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.