ნატოში გაწევრიანებაზე გაკეთებული განცხადების გამო, პეტრო პოროშენკო ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს

ნატოში გაწევრიანებაზე გაკეთებული განცხადების გამო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

„პირველად ღირსების რევოლუციის შემდეგ, საერთაშორისო არენაზე უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი განცხადებას აკეთებს ნატოზე უარის თქმის შესახებ. ამით უკრაინის ელჩმა აჩვენა, რომ პუტინის მიერ უკრაინის შანტაჟი და დაშინება მუშაობს. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ უბრალოდ უარყოფა საკმარისი არ იქნება. ერთადერთი საშუალება, რომ დაამტკიცონ, რომ პრისტაიკოს პოზიცია უკრაინის ხელისუფლებისა და ზელენსკის პოზიცია არ არის, ელჩის ლონდონიდან გამოწვევა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაა“, – აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ დაუშვა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზე უარი შეიძლება თქვას, თუ მას ამის გაკეთებას გარემოებები აიძულებს.