ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი – გვსურს ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი სანქციები და დისკვალიფიკაცია არ ემუქრება

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა კატეგორიულად უარყოფს ჩოგბურთელის შესახებ ესპანური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ქართველი ჩოგბურთლი  გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.

„სტატია მთლიანად არის დაყრდნობილი ვარაუდებზე. ის მომზადდა ცალმხრივად და ინფორმაცია არ გადამოწმებულა ნიკოლოზ ბასილაშვილთან და არც ანტიკორუფციულ ოფისში (ITIA). რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, გვსურს ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი სანქციები და დისკვალიფიკაცია არ ემუქრება. ის ამ დროისთვის იმყოფება დოჰაში ტურნირზე, რომლის გამარჯვებულიც გასულ წელს გახდა”, – წერს ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა.

ესპანური სპორტული გამოცემა ESPN ნიკოლოზ ბასილაშვილზე წერს. გამოცემის თქმით, ქართველი ჩოგბურთლი  გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი და ამ საქმეზე ჩოგბურთის ანტიკორუფციული სამსახური (ATP) გამოძიებას რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებს.

ESPN ის ცნობით, ორგანიზაცია იძიებს 2016 წლის მატჩების საქმეს და გარიგებაზე თუ ეჭვები დადასტურდება, ნიკოლოზ ბასილაშვილს დროებითი, ან უვადო დისკვალიფიკაცია ემუქრება.