ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივიან

ელისაშვილის წინააღმდეგ მოსულიშვილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, დიმიტრი მოსულიშვილმა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

„გაცნობებთ, რომ მე მივმართე თბილისის მერს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რადგან გადავწყვიტე, როგორც არქიტექტორმა მეტი დრო დავუთმო ჩემს პროფესიულ საქმიანობას და მუშაობა გავაგრძელო კერძო სექტორში. მიმაჩნია, რომ ჩემი ხელმძღვანელობის პირობებში არქიტექტურის სამსახურის მიერ განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სასიკეთოდ წაადგება ქალაქს და ხელს შეუწყობს მის შემდგომ განვითარებას. დაიწყო და დღეისათვის აქტიურ ფაზაშია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესი. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში შეიზღუდა ინტენსივობის კოიფიციენტის მომატების პრაქტიკა და დარეგულირდა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.

აქვე გაცნობებთ, რომ ამა წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიტანე სარჩელი თბილისის საკრებულოს დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ, რომელმაც ჩემი მისამართით საჯაროდ გააკეთა ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებები. სარჩელი ასევე ჩაბარდა ბატონ ელისაშვილს, როგორც პროცესის მოპასუხე მხარეს. იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მიერ მალე დადგინდება სიმართლე და ელისაშვილს მოუწევს მის მიერ გამოთქმული სიცრუისა და ცილისწამების უარყოფა“ – ნათქვამია მოსულიშვილის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება