ვახტანგ მეგრელიშვილი: მაშინ, როდესაც ვიხილავთ ჩვენი კოლეგების პარლამენტიდან გაშვების საკითხს, ფარმაცევტულ კანონში ცვლილებების გატანა „გაძვრენას“ ჰგავს

„მგონია, რომ როდესაც ვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან მორალურ საკითხებს, როგორიც არის ჩვენი კოლეგების გაგდება პარლამენტიდან, თან, ხელოვნურად, მორალურად დაუსაბუთებლად, ასეთ დროს ფარმაცევტულ კანონში ცვლილებების გატანა ჰგავს გაძვრენას მაშინ, როდესაც ხალხს არ სცალია ამ საკითხისთვის“,- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა სხდომაზე განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, სულ სამი-ოთხი კომპანიაა საქართველოში, ვის ინტერესებშიც შეიძლება, შედიოდეს ეს კანონი.

„დღეს უცნაური დღეა. ერთი ის, რომ ჩვენ წყნარად, მარტივად ვუშვებთ ჩვენს კოლეგებს და ეს, ჩემი აზრით, არის ყველაზე მნიშვნელოვანი მორალური საკითხი, რომელიც დღეს უნდა გვაწუხებდეს, წესით. მინდა, მედიის და ჩემი კოლეგების ყურადღება მივაქციო ერთ საკითხს – დაჩქარებული წესით განვიხილავთ ცვლილებებს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში. ამ კანონის მიხედვით, ფაქტობრივად, დიდ ფარისევლობას ჩავდივართ და იმის საწინააღმდეგოს ვაკეთებთ, რის გაკეთებაც შეიძლება ნებისმიერ პოლიტიკოსს უნდოდეს. ანუ, წამლების გაიაფების ნაცვლად, ჩვენი დღევანდელი დაჩქარებული წესით განსახილველი საკითხის შედეგად, წამლების ასორტიმენტი საქართველოში შემცირდება და მათი ფასები გაიზრდება ამას ვაკეთებთ, ასევე, რაღაცნაირი თავხედური უსინდისობით. მგონია, რომ როდესაც ასეთ მნიშვნელოვან მორალურ საკითხებს, როგორიც არის ჩვენი კოლეგების გაგდება პარლამენტიდან, თან, ხელოვნურად, მორალურად დაუსაბუთებლად და ასე შემდეგ, ასეთ დროს ფარმაცევტულ კანონში ცვლილებების გატანა ჰგავს გაძვრენას მაშინ, როდესაც ხალხს არ სცალია ამ საკითხისთვის, სხვა თემა უფრო მორალურად მტკივნეულია და იმ ხალხს, ვისაც შეიძლება, აინტერესებდეს ფარმაცევტული კანონი, ალბათ, სამი-ოთხი კომპანიაა საქართველოში, ვის ინტერესებშიც შეიძლება, შედიოდეს ეს კანონი. ჩემი აზრით, ეს უსინდისობაა“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.