„ქართული ოცნება“ ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ქვეყნის მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტების ერთპიროვნული მართვა აღარ შეუძლია – ისინი დაშინების, მოსყიდვისა და მუქარის მეთოდებს იყენებენ – მიხეილ დაუშვილი

„რეალობა არის ის, რომ „ოცნება” ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ქვეყნის მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტების ერთპიროვნული მართვა აღარ შეუძლია. ამიტომ დაშინების, მოსყიდვის, მუქარისა და სხვა ბევრი უკანონო მეთოდით ცდილობენ უმრავლესობის მოპოვებას და ეს პირდაპირ დასტურდება „ოცნების” ხელმძღვანელების საჯარო განცხადებებით“, – განაცხადა უფრაქციო პარლამენტის წევრმა, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან საკრებულოებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბევრი ცრუ ინფორმაცია გაჟღერდა.

„ჩვენი ამოცანაა საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე, თუ რამდენად უპასუხისმგებლოდ მოქმედებს „ოცნება” იმ საკრებულოებში, სადაც მათ მოქალაქეებმა ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის უფლება ჩამოართვეს.

ზუგდიდის, რუსთავის წალენჯიხის, ჩხოროწყუს და სენაკის საკრებულოებში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საუბარია „ოცნებაზე”, ბოიკოტირების რეჟიმის გამო, რეალურად საკრებულოები ვერ მუშაობდა და ვერ ასრულებდა საბაზისო ფუნქციებს, როგორიცაა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების კონტროლი, ბიუჯეტის კონტროლი და ა. შ. ამის შესაძლებლობა „ოცნება”ს მისცა ასევე წინა მოწვევის საკრებულომ, რომელმაც შეიძლება ითქვას ქურდულად მოიპარა და დაამტკიცა ბიუჯეტი და ეს გააკეთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამონაწილეობით და დახმარებით“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მიხეილ დაუშვილმა ყურადღება სენაკის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ კრიზისის აღმოფხვრის მიზნით, მოუწოდეს „ქართულ ოცნებას“ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი წარმოედგინათ.